როგორც ბარნოვმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, დღევანდელ აქციაში მონაწილეობას თვითონაც აპირებს:


“მე, ცხადია, ვაპირებ მონაწილეობას. ზუსტი რიცხვის თქმა [თუ რამდენი ადამიანი მოდის შიდა ქართლიდან] ძნელია, იმიტომ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი თავისით მოდის დედაქალაქში, მაგრამ, ჩემი შეფასებით, 1500 ადამიანი მაინც იქნება”, – განაცხადა ბარნოვმა.


გუბერნატორის თქმით, შიდა ქართლიდან დროშებით და საყვირებით გაფორმებული მანქანების კოლონების დემონსტრაციული მსვლელობა არ იგეგმება. მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორებს შიდა ქართლიდან ადამიანების დედაქალაქში ჩამოსაყვანად მასშტაბური ტიპის საორგანიზაციო საქმიანობა არ უწარმოებიათ.


შეგახსენებთ, რომ თბილისში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერი აქცია, რომლის ინიციატორიც ნაციონალური მოძრაობაა, 16:00 საათზე დაიწყება და რამდენიმე საათს გასტანს. ნაცმოძრაობის წარმომადგენლების ცნობით, დემონსტრაციაში მონაწილეობის მიზნით ადამიანები თბილისში საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ჩადიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *