ახალი ამბები

მოძალადემ სიდედრის წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენა, ცოლი კი იარაღით დაჭრა

27 ივლისი, 2017 • 2043
მოძალადემ სიდედრის წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენა, ცოლი კი იარაღით დაჭრა

პროკურატურის ცნობით, მოძალადეს, რომელმაც სიდედრის მიმართ ელექტროშოკი გამოიყენა, ხოლო ყოფილი ცოლი იარაღით დაჭრა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ  2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ახალციხეში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ-მ ყოფილი მეუღლის დედას  ლ.რ-ს მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში  ელექტროშოკი მიადო,  აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს  ო.რ-ს ტრავმატული პისტოლეტის თავის არეში დარტყმით და რამდენიმე გასროლით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ო.რ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პირი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დაკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი