ახალი ამბები

პროკურორი: ოხანაშვილმა თქვა, რომ ის, შავშიშვილი და მამალაძე თეთრუაშვილის ჩამოცილებას ცდილობდნენ

25 ივლისი, 2017 • 2798
პროკურორი: ოხანაშვილმა თქვა, რომ ის, შავშიშვილი და მამალაძე თეთრუაშვილის ჩამოცილებას ცდილობდნენ

პროკურორი ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სოსო ოხანაშვილმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ის, გიორგი მამალაძე და ტარას შავშიშვილი ცდილობდნენ შორენა თეთრუაშვილის ჩამოცილებას.

“მან არ უარყო სიძულვილი და ის ფაქტი, რომ მტრულად იყვნენ განწყობილი შორენა თეთრუაშვილის მიმართ. უფრო მეტიც, იმართებოდა შეხვედრები, სადაც სოსო ოხანაშვილი, ბრალდებული გიორგი მამალაძე და ტარას შავშიშვილი კონსპირაციულად განიხილავდნენ შორენა თეთრუაშვილის ჩამოცილების საკითხს საპატრიარქოდან. მას ადარებდნენ კიბოს მეტასტაზს, რომელიც იყო მოსაშორებელი.

თუმცა, როგორც სასამართლო განხილვებით დადასტურდა, როდესაც მიზანს ვერ მიაღწია ბრალდებულმა, შემდეგ მან აირჩია რადიკალური გზა და დაიწყო მზადება მკვლელობისთვის,” – განაცხადა წიკლაურმა.

პროკურორის თქმით, ოხანაშვილმა დაკითხვაზე დაადასტურა, რომ შორენა თეთრუაშვილის საპატრიარქოდან გაძევება ვერ შეძლეს და ამის შემდეგ აირჩია ბრალდებულმა რადიკალური გზა.

“სოსო ოხანაშვილმა მისდა უნებლიეთ დაადასტურა ის, რომ თავად ის და ბრალდებული ყველა გზით ცდილობდნენ თეთრუაშვილის ჩამოცილებას. როდესაც ვერ შეძლეს, სამწუხაროდ, ბრალდებულმა აირჩია ყველაზე რადიკალური გზა.

მაგალითად, სოსო ოხანაშვილმა თავად თქვა, რომ რამდენჯერმე იყვნენ პატრიარქთან თხოვნით, რომ როგორმე თეთრუაშვილი გაეთავისუფლებინათ თანამდებობიდან.”

პროკურორი ამბობს, რომ ამ საქმეში სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, თუ შესაბამისი მტკიცებულებები შეგროვდება.

წიკლაურის განცხადებით, გამოძიება ინარჩუნებს იმედს, რომ ბრალდებული იტყვის სიმართლეს და ითანამშრომლებს მათთან.

დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე, რისთვისაც დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე, სკაიპით დაიკითხა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, ვინაიდან ის გერმანიაშია წასული. დღესვე სასამართლოში დაიკითხა დაცვის ყოფილი თანამშრომელი ტარას შავშიშვილი.

სოსო ოხანაშვილის დაკითხვის შინაარსზე განსხვავებულ ვერსიას ჰყვება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, რასაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა დახურულია და ჟურნალისტები მოწმეების დაკითხვის შინაარსზე ინფორმაციას მხოლოდ ადვოკატებისა და პროკურორების საშუალებით იღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი