ახალი ამბები

“რეგიონული ენების შესახებ ქარტიის ხელმოწერა აუცილებელია”

17 აპრილი, 2013 • • 1314
“რეგიონული ენების შესახებ ქარტიის ხელმოწერა აუცილებელია”

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა დღეს, 17 აპრილს, გაავრცელა საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლების განცხადების თარგმანი.

 

საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტის შემდეგ (2013 წლის 8-11 აპრილი) მიქაელ აასტრუპ იენსენმა და ბორის ცილევიჩმა რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის გარშემო მითქმა-მოთქმასთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ ამის ძირითადი მიზეზი იყო არასწორი წარმოდგენები და გაუგებრობა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქარტია არის ინსტრუმენტი, რომელიც აძლიერებს სახელმწიფოს ერთობას და საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ ბევრ ასპექტში გადაჭარბებით ასრულებს ქარტიის მოთხოვნებს. შესაბამისად, მათ მოუწოდეს ხელისუფლებას, მოუხმონ ევროპის დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად ყველა დაინტერესებული მხარისათვის განკუთვნილი საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების მოწყობაში. ეს კამპანიები უზრუნველყოფს ამ არასწორი წარმოდგენებისა და გაუგებრობის აღმოფხვრას იმისათვის, რომ ქარტიის ხელმოწერა და მიღება შესაძლებელი გახდეს უახლოეს მომავალში, რადგანაც ეს გახლავთ ქვეყნის გაწევრიანებისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი შესასრულებელი მოთხოვნა.

 

მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს მართლმსაჯულების რეფორმაზე.

ევროპის საბჭო
ევროპის საბჭო

 

„ეს რეფორმები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხს, რის თაობაზეც ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს მოწოდებები. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გატარება კვლავინდებურად წარმოადგენს უთანხმოების საგანს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, მიაღწიონ კომპრომისსა და შეთანხმებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გარდამავალ დებულებებთან დაკავშირებით, რითაც წარმოდგენა სასამართლო სისტემაზე, როგორც დამოუკიდებელ ორგანოზე, მხოლოდ გამყარდება“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

 

თანამომხსენებელს აცნობეს მართლმსაჯულების სისტემაში წარსულში დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებული ზომების შესახებ. მათ აღიარეს ამ საკითხზე რეაგირების მნიშვნელობა და მიესალმნენ ხელისუფლების რწმუნებას, რომ  მართლმსაჯულების სისტემაში ჩადენილი ყველა სავარაუდო დარღვევის განხილვას ექნება მკაცრად იურიდიული პროცესის ხასიათი. ამავდროულად, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაუშვებელია ამ პროცესის ამა თუ იმ ფორმით პოლიტიზება, ხოლო განხილვები ზედმიწევნით უნდა პასუხობდეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, თანამომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, შესაბამისი კანონპროექტის შედგენის პროცესში გაითვალისწინონ ევროსაბჭოს შესაბამისი დეპარტამენტების ცოდნა და გამოცდილება, ვიდრე ის გადაეგზავნება პარლამენტს.

 

რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს, თანამომხსენებლებს ეცნობათ ადგილობრივ მოხელეებზე გადადგომისა თუ პოლიტიკური კუთვნილების შეცვლის (ანუ, ოპოზიციიდან მმართველ უმრავლესობაში გადასვლა) მოთხოვნით სავარაუდოდ განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გადადგომა და პოლიტიკური კუთვნილების შეცვლა დემოკრატიული პროცესის ნაწილია, მიუღებელია ამ პროცესში ძალისმიერი მეთოდების გამოყენება. შესაბამისად, თანამომხსენებლები მიესალმნენ პრემიერ-მინისტრის გზავნილს, რომ ის შექმნის უშუალოდ მისთვის დაქვემდებარებულ ქვედანაყოფს, რომლის პირდაპირი მოვალეობაც იქნება ამ ბრალდებების გამოძიება ამგვარი მოქმედებების საჭიროებისამებრ შეჩერებისა თუ კორექციის მიზნით. ამასთან, ასეთი ქვედანაყოფის შექმნა იქნება გაფრთხილება ყველა მხარის პარტიული აქტივისტისათვის, რომ ზეწოლა ადგილობრივ მოხელეებზე მიუღებელია.

 

თანამომხსენებლები ანგარიშით წარსდგებიან მონიტორინგის კომიტეტის წინაშე საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ სესიაზე სტრასბურგში (2013 წლის 22-26 აპრილი) და გაახმოვანებენ საკუთარ დასკვნებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი