რა სანქცია ემუქრება დეპუტატს?

პოლიციაში დეპუტატ ოთო კახიძის მიერ ადმინისტრაციული კოდექსის შესაძლო დარღვევის თაობაზე საქმის წარმოება დაიწყო. საუბარია იმის შესახებ, რომ ოთო კახიძე, როგორც თვითონ ამბობს, მანიფესტაციაზე იარაღით მივიდა.

კახიძე გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს. დეპუტატმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მას პოლიციიდან ტელეფონით დაუკავშირდნენ. პარლამენტის წევრი მზადაა გამოკითხვისთვის.

შსს-ს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორი მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს:

მუხლი 174 (1)-ე  შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

1. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, –გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

3. სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის  მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება –  გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

4. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –  გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.

შსს-ში აცხადებენ, რომ კახიძის გამოკითხვასთან ერთად შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესაბამისი ოქმი, რომელიც სასამართლოში გაიგზავნება.

შსს-ს პრესსამსახურის თქმით, საქმის წარმოება ასევე მიმდინარეობს 239-ე მუხლის მე-13 ნაწილით, რომლის მიხედვითაც 174-ე (1) მუხლით  გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები.

23 ივლისს გამართულ რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციიდან გავრცელებული ვიდეოკადრების საპასუხოდ, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ კახიძე მანიფესტაციაზე იარაღით იმყოფებოდა, ამ უკანასკნელმა ფეისბუკზე განაცხადა, რომ ლეგალურად ფლობს “გლოკ 19”-ს და აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს. მან ასევე განმარტა, რომ მანიფესტაციის დროს იარაღის ავტომობილში შენახვას აპირებდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com