ახალი ამბები

თალაკვაძე: აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ქალი კანდიდატიც განიხილება

25 ივლისი, 2017 • 1883
თალაკვაძე: აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ქალი კანდიდატიც განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უმრავლესობას დაწყებული აქვს კონსულტაციები გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურასთან დაკავშირებით.

მოქმედი გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია თანამდებობაზე 2012 წლის 25 ივლისს აირჩიეს, შესაბამისად, მას დღეს ბოლო სამუშაო დღე აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილებიან თუ არა ამ თანამდებობაზე ვანო ზარდიაშვილი ან დავით ნარმანია, არჩილ თალაკვაძე პირდაპირ არ პასუხობს:

“კონსულტაციები გუნდში დაწყებულია ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ჩვენ დადგენილ ვადებში მივიღებთ გადაწყვეტილებას. განიხილება რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის, ქალი კანდიდატიც. თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ კანონით განსაზღვრულ ვადას, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ მმართველ გუნდში კანდიდატურასთან დაკავშირებით,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ვის წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე – ამის შესახებ, სავარაუდოდ, სექტემბერში გახდება ცნობილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი