„დღეს ვაკეთებთ ამოცნობებს დაზარალებულების მხრიდან. ამოცნობის შემდეგ გადავწყვეტთ მათი დაკავების საკითხს. შემდეგ, 24 საათში წარვუდგენთ ბრალდებას,“ – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ლევან გზირიშვილმა.
ციხისძირში მცხოვრები თემურ ქედელიძე 14 აპრილის ღამის ინცინდეტს იხსენებს. ამბობს, რომ თავისი სარწმუნოების გამო სცემეს:
„გადმოეთრიე მანქანიდანო. მანქანიდან გადმოსვლის მომენტში მხრებზე მომკიდეს ხელი, გამჩხრიკეს და მერე მკითხეს. შენ თურქი ხარო? რის თურქი, მე ვუთხარი, რაის თურქი, ქართველი კაცი ვარ და აქვე ციხისძირში ვცხოვრობ-თქო. საბარგული გახსენიო. საბარგულის გახსნის მომენტში უკნიდან ჩამარტყეს სახეში. რა იყო, ბიჭებო, რა დაგიშავე-თქო. შენო, ქართველი ხარო? კი, მეთქი. მაშინ მაჩვენე ჯვარიო. მე არავისთან დასამალი არ მაქვს, ჩემი დინასტია მუსლიმანი იყო და მეც ასე მოვკვდები. არავის უფლება არა აქვს ვინმეს სარწმუნოება ხელყოს. ჯვარი რადგან არ მქონდა, შენ თათარი ყოფილხარო და ერთმა სამხედრომ დამარტყა. რომ წავიქეცი, ფეხიც ჩამარტყეს,“ – იხსენებს ციხისძირის მცხოვრები თემურ ქედელიძე.
სამი სამხედრო პოლიციელის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) არის აღძრული. სამივე მათგანი სამსახურიდან დათხოვილია, მათთან ერთად სამსახურიდან გაათავისუფლეს სენაკის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი.
ინციდენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში 14 აპრილის ღამეს მოხდა. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული მიხეილ დიასამიძე იხსენებს, საღამოს სოფლის ცენტრში მეგობართან, ამირან დოლიძესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც სოფელში პიკაპის ტიპის ავტომანქანით სამხედრო პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ და იკითხეს, თუ სად ცხოვრობდა ნოდარ გაბაიძე. დიასამიძის თქმით, მან და მისმა მეგობარმა სამხედრო პოლიციის თანამშრომლებს მეგზურობა გაუწიეს და ნოდარ გაბაიძესთან სახლში მიიყვანეს.
„პაატა გვილავა 8 წელია ჩემი სიძეა და მხოლოდ ერთხელაა ნამყოფი ჩემთან. გზა არ იცოდა. მოვიდნენ ჩვენს სანახავად. ძალიან გვეჩქარებაო. არაყი გამოვიტაეთ, ქალმა კოფე აადუღა. 20 წუთში წავიდნენ. მერე რა მოხდა, არ ვიცი,“ – ამბობს ნოდარ გაბაიძე.
გაბაიძის სახლიდან წამოსვლის დეტალებს კი მიხეილ დიასამიძე ასე იხსენებს:
„წამოვედით და დაიწყეს შეურაცხყოფები გზაში. გააჩერეს უცებ სამთავემ მანქანა, დამადეს შუბლზე იარაღი, შენი თათარი დედა. რომელიღაცამ გვერდიდან დამარტყა, ამირანს ვუთხარი, უშველე თავს-თქო და გავიქეცი,“ – ამბობს მიხილ დიასამიძე.
დიასამიძეების გარდა, შეურაცხყოფა სამხედრო პოლიციელებმა მევლუდ დავითაძეს და ლევან მესხიძეს მიაყენეს.
„ჩაქვიდან მოვდიოდით მე და ჩემი მეუღლე. სოფელში შემოსვლისას თეთრი ფერის პიკაპი შეგვხვდა და გაჩერება გვანიშნა. ბიძაშვილი მეგონა. მოვიდნენ, კარი გააღეს და საბუთები მომაწოდეთო. მივაწოდე. გადმოდი მანქანიდანო. მერე საბარგული გამახსნევინეს. მომადეს იარაღი და მითხრეს, თათარი ხარო. მეთქი, არა ვარ თათარი-თქო. ქრისტიანი ხარო? კი, მეთქი. თუ ქრისტიანი ხარ, მანახე ჯვარიო. მე ვუთხარი, ჯვარი არ მაქვს-თქო. თუ ჯვარი არ გაქვს, რანაირი ქრისტიანი ხარო და ახლა გაგიხვრიტავ შუბლსო. მეთქი, მეუღლეს აქვს ჯვარი-თქო. მეუღლემ ანახა ჯვარი. ჯვარი რომ ნახეს, ამ ჯვარმა გადაგარჩინაო, გადამეხვივნენ და გამიშვეს სახლში,“- იხსენებს ლევან მესხიძე.
14 აპრილს ციხისძირში მომხდარი ფაქტის გამო დღეს შეშფოთება გამოხატა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, ხოლო მუსლიმთა სამმართველომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვა.
