ახალი ამბები

ვოლსკი “ქართული მარშის” და ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციებზე: ქვეყნისთვის არც ერთია მისაღები

24 ივლისი, 2017 •
ვოლსკი “ქართული მარშის” და ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციებზე: ქვეყნისთვის არც ერთია მისაღები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი გუშინ, 23 ივლისს გამართულ რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციასა და “ქართული მარშის” კონტრაქციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქვეყნისთვის არც ერთი მათგანი არ არის მისაღები.

23 ივლისს, საღამოს პარტია “ევროპული საქართველოს” მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში” თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის მიმართულებით დაიძრა. გზად, რკინიგზელთა კულტურის სახლთან, მათ ქსენოფობიური მოძრაობის ე.წ. ქართული მარშის წარმომადგენლები ელოდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თუმცა, არაერთხელ შექმნილი დაძაბულობის მიუხედავად, დღე მშვიდობიანად დასრულდა.

ვოლსკი ამბობს, რომ ორივე აქციის ლიდერებს საკუთარი ინტერესები აქვთ:

“ქვეყნისთვის არც ერთი, არც მეორე აქცია არ არის მისაღები, ქვყნის ინტერესებიდან გამომდინარე. და სწორედ ამაზე ლაპარაკობდა პატრიარქი, როდესაც ორივე მხარეს სთხოვა, თავი შეეკავებინა. ამავე დროს, სულისკვეთება ადამიანებისა, რომლებიც ერთ ან მეორე მხარეს იმყოფებოდნენ აქციებზე, გასაგებია. შეიძლება ზოგს ეთანხმებოდე, ზოგს არ ეთანხმებოდე, მაგრამ, მე ვფიქრობ, ლიდერები მაინც მისდევენ პოლიტიკურ ამოცანას. ერთნი ცდილობენ, ყურადღება მიიქციონ და ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს, მეორენი ცდილობენ, რეაბილიტაცია მოახდინონ საკუთარი თავის კვლავ ქუჩებში გამოსვლით და რაღაც აქციების ჩატარებით ცდილობენ იმ დანაშაულის გადაფარვას, რაც სახელმწიფოს და ხალხის წინაშე ჰქონდათ ჩადენილი,”- განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამავე აქციების შესახებ ჟურნალისტებთან ეკა ბესელიამაც ისაუბრა და აქციებს “პროვოკაციული ხასიათის” უწოდა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფომ გამოხატვის თავისუფლების დაცვა უზრუნველყო.

“ზოგადად, მგონია, რომ ეს ატარებს უფრო პროვოკაციულ ხასიათს და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გაცილებით უფრო გონივრულლი მოქმედებებია საჭირო და არა მსგავსი ქმედებები. მე არ შევალ შინაარსის განსჯაში უფრო მეტად. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული,”-  განაცხადა ეკა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი