ახალი ამბები

თეა თუთბერიძეს ვანო მერაბიშვილთან კითხვები აქვს

16 აპრილი, 2013 •
თეა თუთბერიძეს ვანო მერაბიშვილთან კითხვები აქვს

მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაარკვია და დააგინა, რომ დათა ახალაიას სახელით გავრცელებული განცხადება მას არ ეკუთვნის.

 

თეა თუთბერიძე
თეა თუთბერიძე

 

 

თეა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ის დაუკავშირდა იმ პირებს, რომლებსაც აუცილებლად ეცოდინებოდათ ამ განცხადების არსებობის შესახებ, რომლებმაც მას დაუდასტურეს, რომ ეს განცხადება დათა ახალაიას არ ეკუთვნის: “შემდეგ მათ ეს გადაამოწმეს პირადად ახალაიასთან და გაირკვა რომ ეს წერილი არ ეკუთვნის დათა ახალაიას.”

 

თეა თუთბერიძემ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც ამ წერილში არის აღწერილი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს წერილი დათა ახალიას არ ეკუთვნის, ჩნდება გარკვეული კითხვები “ნაციონალიური მოძრაობის”  გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და პარტიის ზოგიერთი ლიდერების მიმართ ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით.

 

თუთბერიძის თქმით, ბაჩო ახალაია არის ვანო მერაბიშვილის მინისტრთა კაბინეტიდან ერთად–ერთი მინისტრი, რომელიც ამჟამად ზის ციხეში და მას არ ახსოვს ვანო მერაბიშვილის მიერ ბაჩო ახალაიას დასაცავად გაეკეთებული რაიმე განცხადება. ასევე “ნაციონალური მოძრაობის”  ლიდერების ნაწილსაც არ გაუკეთებია ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი განცხადება.

 

თუთბერიძის თქმით, კითხვებს აჩენს ასევე ისიც, თუ რატომ აძლევენ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები. მან იგულისხმა შალვა ჯანაშვილი, მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი: 

 

“პროკურატურამ ჯერ ვერ ნახა ვერავინ ახალაიას გარემოცვიდან, ვინც მერაბიშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას, ხოლო ახალაიას წინააღმდეგ კი ძალიან მარტივად იპოვეს ჩვენების მიმცემები.”

 

თეა თუთბერიძის განცხადებით, ახალაიას ოჯახის წევრებიც არ არიან საქმის კურსში, რომ წერილი ნამდვილად დათა ახალიას ეკუთვნის. მისი თქმით, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა ციხის ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, თუმცა ეს არ ყოფილა იმის საფუძველი, რომ მას თავისი პოლიტიკური შეხედულებები შეეცვალა.

 

თუთბერიძეს არ უსაუბრია ახალიასთან ვანო მერაბიშვილის გუნდთან დაპირისპირების შესახებ და, შესაბამისად, ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა განაცხადა, რომ მას აქვს კითხვები, რომელსაც უნდა უპასუხონ ვანო მერაბიშვილმა და “ნაციონალური მოძრაობის” იმ ლიდერებმა, რომლებსაც ბაჩო ახალაიას დასაცავად არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ:

 

“ბაჩო ახალიას პროცესებზე მხოლოდ “ნაცმოძრაობის” ერთეული წევრები დადიან და უცხადებენ მხარდაჭრას. ეს არის აკაკი მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და კიდევ რამდენიმე ლიდერი. სხვები ამაზე დუმილს ამჯობინებენ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი