კანონპროექტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, “2003 წლიდან ქვეყანაში განხორცილებულმა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკამ პატიმართა და ნასამართლევი მოქალაქეების რიცხვის ზრდა გამოიწვია. 2013 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ აუცილებელი გახდა მოქალაქეების როგორც ყოფითი, ასევე სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ მიზნით მიღებული იქნა კანონი “ამნისტიის შესახებ”, ასევე განიხილება კანონპროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შეტანის შესახებ”, სადაც იცვლება პრინციპი სასჯელთა უპირობო შეკრებითობის წესის შესახებ. “
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის ინიცირების მთავარი მიზეზი ის პრობლემებია, რომლებიც ნასამართლევ პირებს სამსახურის ძებნისას ექმნებათ:
“პირის ნასამართლეობა ხშირად იწვევს გარკვეულ შეფერხებებს მოქალაქეთა დასაქმებაში. კერძო ორგანიზაციებშიც კი, ბოლო დროს დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ითხოვენ ნასამართლეობის ცნობას. შესაბამისად, ამ კანონის მიღების მიზანი სწორედ აღნიშნული პროცედურების, ანუ ნასამართლეობის მოხსნის წესის შედარებით გამარტივებაა, რათა ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი ნასამართლევი პირები თავისუფლად ჩაებნენ ყოველდღიურ საქმიანობაში და არჩინონ ოჯახები, ასევე გადაიხადონ გადასახადები. კანონპროექტის მიზანია ნასამართლევ პირთა შემდგომი რესოციალიზაციისთვის დამაბრკოლებელი პირობების გამარტივება.”
ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად ნასამართლეობის მოხსნაზე შუამდგომლობის ხელახლა დაყენების მინიმალური ვადა 6 თვით განისაზღვრება.
