იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დღევანდელი განცხადებით, ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ნახევარ მილიონამდე (487 ათასი) სავარაუდო უზუსტობა არსებობს, რომელიც 4 თვეში უნდა გამოსწორდეს. პროექტში სულ 65 ადამიანია ჩართული. პროექტის მიზანია საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი და კორექტული ბაზის შექმნა. დღეის მდგომარეობით, უკვე განხილულია 145 000–მდე ასეთი ჩანაწერი.
ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების კომისიამ სიის დაზუსტებაზე 13-თვენახევარი იმუშავა. კომისიის ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ 4 თვე დღეს წარმოდგენილი რაოდენობის ხარვეზის აღმოფხვრისთვის ცოტაა.
გარდა ამისა, მისივე განმარტებით, მისი ხელმძღვანელობით არსებულმა კომისიამ, საბოლოო ანგარიშში, იმაზე მეტი ღიად დარჩენილი საკითხი წარმოადგინა, ვიდრე დღეს საუბრობს იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად, კაციტაძეს არ უკვირს, რომ უკვე ნამუშევარ სიაზე სახელმწიფო ისევ მუშაობს.
“ხარვეზები, ბუნებრივია, დარჩა. ჩვენს ნამუშევარში წარმოდგენილი იყო 640 ათასი შიდა მიგრანტი. გარდა ამისა, 200 -ზე მეტი ის კატეგორია, ვისთანაც კონტაქტი ვერ დამყარდა, ვინაიდან ჩვენი მუშაობის პროცესში ბინები დაკეტილი ჰქონდათ. შესაბამისად, არ მიკვირს, რომ სახელმწიფო ამ პრობლემაზე მუშაობას აპირებს. ამაში სიახლე არაფერია. საკითხი ცოცხალია და მუდმივად დინამიკაში. მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რამდენად დაძლევენ ამის აღმოფხვრას. ვიმედოვნებ, იმაზე წარმატებული იქნება ახალი სამუშაო პროცესი, ვიდრე იმ კომისიის, რომლის სათავეშიც მე ვიყავი, “- ამბობს მამუკა კაციტაძე.
2012 წლის 31 ივლისის ჩათვლით ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების მიზნით შექმნილმა კომისიამ კარდაკარის გადამოწმების პრინციპით იმუშავა. სიის დაზუსტების პროცესში 11 ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩართული.
კითხვაზე, როგორ აპირებს იუსტიციის სამინისტრო მუშაობას ამომჩეველთა სიებზე დღეს, სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან სამადაშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე საველე მობილური ჯგუფების მიერ მიმდინარეობს ერთ მისამართზე რეგისტრირებული ათი და მეტი მოქალაქის მონაცემების ადგილზე გადამოწმება.
“მას შემდეგ, რაც ჯგუფი მიიღებს კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა მონაცემს, ჯგუფი მიდის დასახელებულ მისამართზე და აზუსტებს იქ მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის ვინაობა უცნობია, ან მას შეცვლილი აქვს მისამართი, მოქალაქის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე შესაბამისი ოქმი ივსება. შემდეგ ეტაპზე გარდაცვლილ მოქალაქეთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმება იგეგმება. ამ აქტივობის მიზანია სააგენტოს ბაზაში არსებული მონაცემისა და ცესკოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის შედარება და მონაცემთა დაზუსტება. ასევე დაგეგმილია მოქალაქის პირადობის მოწმობასა და ბაზაში არსებულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის გადამოწმება. აღნიშნული საჭიროება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მოქალაქეთა გარკვეულ რაოდენობას ზუსტი საცხოვრებელი მისამართი არასწორად აქვს მითითებული”, – განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სამადაშვილმა.
