ახალი ამბები

ხელისუფლების სავარაუდო ზეგავლენა მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე შეშფოთების საგანია – NDI

21 ივლისი, 2017 • 1577
ხელისუფლების სავარაუდო ზეგავლენა მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე შეშფოთების საგანია – NDI

“მედიის პოლიტიზება გავლენას ახდენს ინფორმაციის გადმოცემაზე და ხელისუფლების სავარაუდო ზეგავლენა მედიასაშუალების მენეჯმენტზე და სარედაქციო პოლიტიკაზე შეშფოთების საგანს წარმოადგენს”, – ამის შესახებ ნათქვამია NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში, რომლის პრეზენტაცია სასტუმრო რედისონში დღეს გაიმართა.

ანგარიშის მიხედვით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის მედიაგარემო საქართველოში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია. ინდივიდუალური ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები ნაკლებად ხდება. ამჟამინდელი კონსტიტუციით გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ქვეყანაში არსებობს მრავალი ეროვნული და რეგიონული მედიასაშუალება.

“თუმცა მედიის პოლიტიზება გავლენას ახდენს ინფორმაციის გადმოცემაზე და ხელისუფლების სავარაუდო ზეგავლენა მედიასაშუალების მენეჯმენტზე და სარედაქციო პოლიტიკაზე შეშფოთების საგანს წარმოადგენს – ორივე შემთხვევაში შესაძლებელია, მოქალაქეების მხრიდან ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებას საფრთხე შეექმნას.

დელეგაციასთან მრავალჯერ იქნა აღნიშნული საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილება, რომელიც მიკერძოებულად აღიქმება. მაესტრო და სხვა პატარა ტელევიზიები ტელეკომპანია იმედის ფარგლებში გაერთიანდა, რომელიც ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელ ტელევიზიად აღიქმება”, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ “ყველაზე პოპულარულ ტელევიზიას საქართველოში, რუსთავი 2-ს, რომელიც ოპოზიციურ, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებელ არხად აღიქმება”, მძიმე ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რაც NDI-ს ანგარიშის თანახმად, გამოწვეულია სადავო სასამართლო გადაწყვეტილებით თანხების მოძიების შეჩერების და მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით.

“მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინტერვენციის საფუძველზე, ამ ეტაპზე მოხერხდა ამჟამინდელი მენეჯმენტის დროებითი შენარჩუნება.

პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიისთვის არსებული სივრცე ვიწროვდება, რაც გარკვეულწილად მედიასაშუალებების მენეჯმენტში ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გამო ხდება.

საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მაესტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროგრამები და დებატები ბადიდან ამოიღეს; ეს გადაცემები პატარა, არასაპარლამენტო პარტიებს მათთვის საჭირო სატელევიზიო დროს აძლევდა, რაც განსაკუთრებით საჭიროა ამ პერიოდში.

რაც შეეხება არსებულ პოლიტიკურ გადაცემებს, მაუწყებლები აღნიშნავენ, რომ სირთულეები ექმნებათ პირდაპირ ეთერში გამართულ დისკუსიებში მმართველი პარტიის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

რამდენიმე პარტია, განსაკუთრებით, შედარებით პატარა პარტიები, ისევე, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატები, აცხადებენ, რომ არსებული შევიწროებული სივრცე, ასევე, მაუწყებლების მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა მათთვის სირთულეს ქმნის, მიიღონ თანასწორი დაფარვა. ზოგიერთი აცხადებს, რომ საერთოდ ვერ იღებს სატელევიზიო ეთერს”.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, NDI-ის თანახმად, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მედიასაშუალებების უმეტესობა პირობას დებს, ეთერში გაუშვან გადაცემები და დებატები, რაც საშუალებას მისცემს კვალიფიციურ (და ზოგიერთ შემთხვევაში არაკვალიფიციურ) საარჩევნო სუბიექტებს, საკუთარი პროგრამა წარმოადგინონ და ძირითად საკითხებზე დებატები გამართონ.

“ეროვნული მაუწყებლები აღიარებენ, რომ ადგილობრივი კამპანიების ყოვლის მომცველი გაშუქება გამოწვევას წარმოადგენს. ქვეყნის მასშტაბით ორი ათასზე მეტი საარჩევნო მარათონი ართულებს თანმიმდევრული, სიღრმისეული ანალიზის გაკეთებას ადგილობრივ დონეზე და საკითხებზე.

მცირებიუჯეტიანი რეგიონული მედიასაშუალებების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ არსებულ არჩევანზე სანდო ინფორმაცია მიიღოს. ონლაინ ქსელების მოხმარება იზრდება და მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანის დაბალბიუჯეტიანი პლატფორმის არსებობის პოტენციალს ქმნის, თუმცა მათი აუდიტორია მაინც შეზღუდულია”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი