ახალი ამბები

ბრალდების მხარე ტენდენციურია – “ციანიდის საქმეზე” მეუფე პეტრე დაიკითხა

21 ივლისი, 2017 • 2638
ბრალდების მხარე ტენდენციურია – “ციანიდის საქმეზე” მეუფე პეტრე დაიკითხა

დღეს, 21 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დაიკითხა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ბრალდების მხარე არის ტენდენციური, თუმცა იმედოვნებს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“დავიწყებ სიტყვებით, რომლითაც დავემშვიდობე სასამართლოს – შეხვედრამდე სამოთხეში… ღმერთმა მოგვმადლოს, რომ დღეს ყველანი, მბრალდებელი თუ ბრალდებული, და სრულიად საქართველომ ერთად ვიზეიმოთ ცათა სასუფეველში დამკვიდრება. შესაბამისად, ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს მართალი და პატიოსანი,” – განუცხადა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს.

მიტროპოლიტ პეტრე ცაავას განცხადებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდაბ რალდების მხარის ტენდენციურობა და მიკერძოებულობა:

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რატომ სჭირდებოდათ მათ ამ პროცესების დახურვა და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აშკარად გამოჩნდა, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან. ძალიან მიკერძოებულია ბრალდების მხარის დამოკიდებულება და ცდილობენ, მიღებული დავალება თუ ამოცანა განახორციელონ. ვფიქრობ, საქართველოში სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს და მართლმსაჯულებაც თავის სიტყვას იტყვის.”

ჭყონდიდის მიტროპოლიტისა სამართლოში დაიკითხა მისი სატელევიზიო გამოსვლებიდან და მედიაში მის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე .

“იგივე შეკითხვები იყო, რაც გადაცემებში დამისვეს, და ისევ ის ვილაპარაკე – ეს არის ჩემი აზრი. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველოს საპატრიარქოში არსებული პრობლემები არის ამ ქალბატონის [შორენა თეთრუაშვილის] ხელთ არსებული ძალაუფლება.”

როგორც მიტროპოლიტი ამბობს, შორენა თეთრუაშვილს შეუძლია მხოლოდ ცილისწამებებით, ინტრიგებით შეუშალოს ადამიანს ხელი კარიერულ წინსვლაში: “ხელი შეუშალოს მის არსებობასაც კი – მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა მასზე. ცილისწამებები, ინტრიგები ახლართოს და ამით ადამიანი გაწიროს.”

მიტროპოლიტ პეტრე ცაავას თქმით, რა განცხადებებიც გაუკეთებია საჯაროდ, ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელი იყო, არის და იქნება.

მისი თქმით, სოსო ოხანაშვილთან არ აქვს ურთიერთობა და არ იცის პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი.

მიტროპოლიტის განცხადებით, დღეს სასამართლოსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა “ციანიდის საქმე”.

“თუ სასამართლოს უნდა დაანახოს ქართველ ერს, რომ არსებობს დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო, რომრლიც არის ქვეყნის უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის ძლიერების გარანტი, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე,” – ამბობს მიტროპოლიტი.

როგორც მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, დეკანოზის დაკავებამდე ციხეში ერთ საინტერესო ადამიანს აკითხავდა ხოლმე, რომელიც თავს უსამართლო პატიმრად მიიჩნევდა და არა უცოდველად ან უდანაშაულოდ:

“მიმაჩნია, რომ მამა გიორგიც არის უსამართლო პატიმარი, ხოლო უდანაშაულო და უცოდველი არავინ ვართ.”

მიტროპოლიტ პეტრეს ვერ წარმოუდგენია სასულიერო პირი, რომლის გონებაშიც დაიბადება ვიღაცის მოკვდინების სურვილი:

“ეს გამორიცხულია – ყოვლად შეუძლებელი და აბსურდი. მიმაჩნია, რომ სიმართლე გაირკვევა. ყოველი ადამიანის ცხოვრებაში ბოლო სიტყვას ამბობს უფალი და ეს სიტყვა წარმოითქმევა სამსჯავროს დროს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი