ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს პროექტი საარჩევნო სიების სრულყოფისთვის

15 აპრილი, 2013 • 1613
იუსტიციის სამინისტროს პროექტი საარჩევნო სიების სრულყოფისთვის

პროექტის მიზანია საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი და კორექტული ბაზის შექმნა. პროექტი მოიცავს როგორც თბილისს, ასევე, საქართველოს ყველა რეგიონს. აღნიშნულ სამუშაოებში ჩართულია 65 ადამიანი. პროექტის ფარგლებში იგეგმება მონაცემთა ბაზაში არსებული 487 000–ზე მეტი სავარაუდო უზუსტობის გადამოწმება. დღეის მდგომარეობით, უკვე განხილულია 145 000–მდე ასეთი ჩანაწერი.


პირველ ეტაპზე საველე მობილური ჯგუფების მიერ მიმდინარეობს ერთ მისამართზე რეგისტრირებული ათი და მეტი მოქალაქის მონაცემების ადგილზე გადამოწმება. მას შემდეგ, რაც ჯგუფი მიიღებს კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა მონაცემს, ჯგუფი მიდის დასახელებულ მისამართზე და აზუსტებს იქ მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის ვინაობა უცნობია, ან მას შეცვლილი აქვს მისამართი, მოქალაქის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე შესაბამისი ოქმი ივსება. შემდეგ ეტაპზე გარდაცვლილ მოქალაქეთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმება იგეგმება.


“ამ აქტივობის მიზანია სააგენტოს ბაზაში არსებული მონაცემისა და ცესკოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის შედარება და მონაცემთა დაზუსტება. ასევე დაგეგმილია მოქალაქის პირადობის მოწმობასა და ბაზაში არსებულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის გადამოწმება. აღნიშნული საჭიროება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მოქალაქეთა გარკვეულ რაოდენობას ზუსტი საცხოვრებელი მისამართი არასწორად აქვს მითითებული”, – განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სამადაშვილმა.

 

მისივე თქმით, პროექტი რამდენიმე თვეს მოიცავს და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი