ახალი ამბები

აჭარის პროკურორი: არ მინდა თქმა, რომ რელიგიური ნიშნით იყო შეურაცხყოფა სამხედროების მხრიდან

15 აპრილი, 2013 • 1368
აჭარის პროკურორი: არ მინდა თქმა, რომ რელიგიური ნიშნით იყო შეურაცხყოფა სამხედროების მხრიდან

აჭარის პროკურორი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სენაკის სამხედრო პოლიციის ოფიცრებმა ციხისძირში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე შეურაცხყვეს ფიზიკურად და სიტყვიერად:

 

„სოფელში გამვლელი მანქანა გააჩერეს და დაუწყეს – ჯვარი რატომ არ გიკეთია, თათარი ხარ თუ ქრისტიანიო… ამ თემაზე აყენებდნენ შეურაცხყოფას. არ მინდა იმის თქმა, რომ რელიგიური ნიშნით იყო შეურაცხყოფა, რადგან ვისაც შეურაცხყოფდნენ, ისინიც ქრისტიანები არიან. მაგრამ იყო – ჯვარი რატომ არ გიკიდიაო. ჩემი აზრით, თითიდან გამოწოვილი თემაა, რადგან უაზრო მთვრალის დონეზე ეს რამდენად გააზრებული ჰქონდათ, ვერ გეტყვით“.

აჭარის პროკურორი ამბობს, რომ სამხედრო პოლიციელების წინააღმდეგ 142-ე მუხლის (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა) გამოყენებაზე ჯერ ვერ იმსჯელებენ:

 

ლევან გზირიშვილი
ლევან გზირიშვილი

„ეს იშვიათად გამოყენებადი მუხლია. თუ დადასტურდება რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა, საქმე აღიძვრება 142-ე მუხლითაც… გადავხედავთ მაგ თემასაც, მაგრამ ამ ნიშნით ბრალის წაყენება უფრო მსუბუქია, ვიდრე ხულიგნობა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება. მათი დაკავების ან სხვა აღმკვეთი ღონისძიების საკითხს დღეს ან ხვალ დავაყენებთ“, – ამბობს ლევან გზირიშვილი.

 

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, წუხელ, 22:00 საათზე ციხისძირში მცხოვრები მოქალაქეები სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე ლევან მესხიძე იხსენებს, სამხედროებს აინტერესებდათ, მას და მის მეუღლეს ჯვარი თუ ჰქონდათ. მესხიძის თქმით, სამხედროები დაემუქრნენ, თუ ქრისტიანი არ იყო, მაშინ შუბლს გაუხვრეტდნენ.

სოფელ ციხისძირში ამბობენ, რომ სამხედრო პოლიციელებმა ისროლეს კიდეც.

ინციდენტის შესახებ მედიით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსი და რამდენიმე სამხედრო პირი სამსახურიდან დაითხოვა. სამინისტროს განცხადების თანახმად, ციხისძირში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება ჩაიდინეს, რის გამოც ინციდენტში მონაწილე სამი სამხედრო პოლიციელი, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია.

 

სასჯელი, რომელიც 333-ე მუხლით სამხედრო პოლიციელებს ემუქრებათ, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მინიმუმ ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაქსიმუმ -8 წლამდე პატიმრობას.

 

რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა ქართული კანონდებლობით გაცილებით მსუბუქად ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი