ახალი ამბები

ილია მეორე: ვინც უცხოეთში საცხოვრებლად მიდის, უნდა ახსოვდეს, მისი შთამომავლობა მოისპობა

14 აპრილი, 2013 • • 1804
ილია მეორე:  ვინც უცხოეთში საცხოვრებლად მიდის,  უნდა ახსოვდეს, მისი შთამომავლობა მოისპობა

“თქვენ როგორ ფიქრობთ, იოანე ზოსიმე, რომელიც  წერს ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, გაბედავდა, რომ საფუძველი არ ჰქონოდა მას ეთქვა, რომ ქართულითა ენითა განიკითხების მსოფლიო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს აზრი იყო იოანე ზოსიმემდე და ჩვენ დღეს მადლობას ვწირავთ უფალს, რომ ქართული ენით დაგვაჯილდოვა”– განაცხადა მან. 

 

პატრიარქის თქმით, ფინეთში მისი ბოლო მოგზაურობისას ბევრ ქართველს შეხვდა, რომლებიც საქართველოდან არცთუ დიდი ხნის წასული არიან, მათმა შვილბმა კი ქართული ენა არ იციან:

 

“სწავლობენ უცხო ენაზე და რა ეშველება მომავალში, ღმერთმა იცის.  ამიტომ, როცა ადამიანი ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს საცხოვრებლად უცხოეთში, მე არ ვამბობ იმას, რომ არ უნდა წავიდეს სასწავლებლად, მაგრამ საცხოვრებლად ვინც მიდის უცხოეთში, იმას უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა, ის ადგილობრივი მოსახლეობა შთანთქავს შენს ადგილობრივ მოსახლეობას, ქართულ შთამომავლობას, ქართულ კულტურას. ადამიანი უნდა მტკიცედ იდგეს თავის ეროვნულ ნიადაგზე. ქართველი ადამიანი უნდა იცნობდეს ჩვენს ისტორიას, ჩვენს კულტურას, ამის შემდეგ შეიძლება, ისიც მოკლე ხნით, უცხოეთში წასვლა და როცა ჩვენ ბავშვებს ვაგზავნით, ბავშვებს, რომლებმაც არაფერი იციან საქართველოს ისტორიისა და ჩვენი კულტურისა, როცა ბავში კარგავს ქართულ ენას, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ  ჩვენს შვილს ვაგდებთ მძიმე მდგომარეობაში, მას აღარ ეცოდინება  თავისი ენა, კულტურა, წინაპრები”– განაცხადა ილია მეორემ.

 

მან ასევე გაიხსენა შემთხვევები პირადი გამოცდილებიდან და მაგალითად თურქეთი დაასახელა:

 

” მე არაერთხელ ვყოფილვარ უცხოეთში, მინახავს ქართველი  ადამიანები, მაგალითად, თურქეთში და როცა ვეკითხები ადამაინს, თქვენ ქართველი  ხართ- მეთქი,  არაო, მაშ, ვინ ხარ -მეთქი, მეო თურქი ვარო, ჩემი მამა, დედა, წინაპირები ქართველები იყვნენ და მე აღზრდილი ვარ ადგილობრივ სასწავლებლებში და ამიტომ მე თურქი ვარო. აი, ეს გარდაუვალია ყველასათვის.  ჩვენი ემიგრაცია, რომელიც მენშევიკების დროს წავიდნენ საფრანგეთში, თითქმის  არავინ იცის ქართული ენა და მათი შვილები უკვე არიან დაქორწინებული ადგილობრივ მოსახლეობაზე. აი, ამიტომ უფრო ღრმად უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ქართული ენა უნდა ვისწავლოთ, ვასწავლოთ ჩვენს შვილებს”.– აღნიშნა ილია მეორემ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი