ახალი ამბები

კესაევის ვერსიით, კოკოითმა იარაღი ქართულ მხარეს მიყიდა

9 აპრილი, 2013 • 2053
კესაევის ვერსიით, კოკოითმა იარაღი ქართულ მხარეს მიყიდა

კესაევი, რომელიც დღეისათვის ცხინვალის რეგიონში აღარ ცხოვრობს, შესაბამის განცხადებას ოსურ საინფორმაციო პორტალ “უასდანისთვის” მიცემულ ინტერვიუში აკეთებს. ეს პორტალი ცხინვალიდან გერმანიაში წასული პოლიტოლოგის, ალან ჩოჩიევის მიერაა დაარსებული. როგორც ცნობილია, ჩოჩიევი კოკოითს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებდა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღო რამდენიმე წლის წინ.


ჯუმბერ კესაევი ინტერვიუში 2004 წლის ივლისის თვეში ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ კეხვში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, რა დროსაც ქართველმა მესაზღვრეებმა ანტისატანკო იარაღით დატვირთული სეპარატისტების კუთვნილი მანქანა დააკავეს. იგი მიიჩნევს, რომ მაშინ “ფაგოტის” ტიპის საკმაოდ ძვირადღირებული რაკეტები ქართული მხარის ხელში შემთხვევით არ აღმოჩენილა და ამ საქმით კოკოითმა დიდი ფული იშოვა.


“ოსურ სატვირთო მანქანასთან დაკავშირებით მომხდარი ეს ისტორია ძალიან ყურადსაღებია. უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ოსური სატვირთო მანქანა ქართველმა სამართალდამცველებმა ზუსტად 2004 წლის ქართული აგრესიის წინა პერიოდში დააკავეს? მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რაკეტები ქართულ მხარეს შემთხვევით არ ჩავარდნია ხელში. არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ ვიფიქროთ: კოკოითმა ისინი ქართულ მხარეს უბრალოდ მიჰყიდა”, – აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი.


2004 წლის კეხვის ზემოხსენებულ ინციდენტს და საბრძოლო საშუალებებით დატვირთული მანქანის დაკავების ფაქტს იხსენებს იმდროინდელი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავა, თუმცა, როგორც მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, უცნობია, თუ რაზე საუბრობს კესაევი, როდესაც ამტკიცებს, რომ კოკოითი ქართულ მხარეს თანხის სანაცვლოდ იარაღს გადასცემდა.


“წარმოდგენა არ მაქვს, რა იარაღის მიყიდვაზე ლაპარაკობს იგი… მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ საკითხზე”, – აღნიშნა მან.


კავკასიის საკითხების სპეციალისტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ქართულ და ოსურ მხარეებს შორის იარაღის ყიდვა–გაყიდვის ფაქტების შესახებ ზოგად ინფორმაციას თავის დროზე ისიც ფლობდა, თუმცა, მისი ცნობით, ამ პროცესში კოკოითი არ მონაწილეობდა.


“ის, რომ იარაღით ვაჭრობა ხდებოდა, ეს ხმები მეც მომდიოდა, მაგრამ ამ საქმეში იყო თუ არა ჩართული კოკოითი, ვერ გეტყვით, ეს მე არ ვიცი. ალბათ, ამ პროცესში უფრო იქ მყოფი რუსი სამხედროები, სამშვიდობოები იყვნენ ჩართული”, – აღნიშნა მან.


როგორც არეშიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, 2004 წელს იარაღით ვაჭრობა, სავარაუდოდ, ორივე მიმართულებით ხდებოდა, ანუ ქართველი ჯარისკაცები ჰყიდდნენ იარაღს ცხინვალის რეგიონში და პირიქით.


“იქ მოძრაობდა ტრანსპორტი და ვინ ვისგან ყიდულობდა [იარაღს], ეს ჩემთვის უნცობი იყო, მაგრამ იარაღი რომ გადაადგილდებოდა საზღვარზე, ეს მეც ვიცოდი… განსაკუთრებით 2004 წელს, მაგრამ შემდეგ უკვე შეწყდა ეს პროცესი”, –  განაცხადა მან.


ექსპერტი იხსენებს, რომ ზემოხსენებულ პერიოდში ერთ–ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს ზემოთ აღნიშნულ საქმეზე. მას ბრალად საქართველოს კუთვნილი შეიარაღების სეპარატისტული რეჟიმისათვის მიყიდვა ედებოდა.


ჯუმბერ კესაევი კი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 1990–იანი წლების დასაწყისში მუშაობდა, ამტკიცებს, რომ ცხინვალის რეგიონში საკმარისად მძლავრი თავდაცვითი სარაკეტო სისტემა არსებობდა იმისათვის, რომ მტრის შეტევისთვის გაეძლო. მისი თქმით, რეგიონის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში 160 ერთეული “ფაგოტის” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა, “გრადის” 300 რაკეტა და 7 მსხვილკალიბრიანი “მინამიოტი” შედიოდა, თუმცა 2008 წლის ომის დროს ეს იარაღი მოულოდნელად სადღაც გაქრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი