“რაც შეეხება კონტაქტებს პარლამენტარებს შორის, ჩვენ ამის მომხრე ვართ, უფრო მეტიც, მზად ვართ სხვა ტიპის კონტაქტებისთვისაც”, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა ქართველი ოპოზიციონერი პარლამენტარების მოსკოვში ვიზიტის კომენტირებისას.
ლავროვის განცხადების ჩანაწერს რ2 ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შესაბამის საკითხზე კითხვა სწორედ რ2-მა დაუსვა ბრიუსელში. ლავროვს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება სხვა ტიპის კონტაქტებში.
“ჩვენ გვაქვს რუსეთის საგარეო უწყებისა და საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ხაზი და მზად ვართ სხვა ფორმატებისთვისაც, რომლებიც ორივე მხარისათვის მისაღები იქნება. ჩვენ ამაში სარგებელს ვხედავთ. უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან და გადაწყვეტილებები მივიღოთ. ბოლოს და ბოლოს, მეზობლები ვართ და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ისტორიულადაც და დღესაც. ასე რომ, მივესალმებით პარლამენტარების ინიციატივას”, – თქვა ლავროვმა.
რუსული სააგენტო tass-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის კუთხით არაფორმალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.
“გადავწყვიტეთ, შევქმნათ არაფორმალური ჯგუფი. ჯერჯერობით ოფიციალური ჯგუფის შესაქმნელად საქართველოს პარლამენტი მზად არ არის. შევხვდებით დაახლოებით თვეში ერთხელ ჩვენთან და მათთან. დღის წესრიგში იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევა, როგორიცაა სავიზო რეჟიმის გამარტივება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. სწორედ ეს საკითხები განიხილებოდა მოლაპარაკების დროსაც”, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები – ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია, მოსკოვში იმყოფებიან და დუმის დეპუტატებთან მართავენ შეხვედრებს.
საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი და საპარლამენტო უმრავლესობა თავიდან ბოლომდე ემიჯნება „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს. მისი თქმით, ეს არის პარტიული ვიზიტი, რომელსაც პარლამენტთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნება.
