ახალი ამბებიკომენტარი

რაზე ესაუბრებიან “პატრიოტები” რუსეთის დუმის დეპუტატებს

10 ივლისი, 2017 • 14820
რაზე ესაუბრებიან “პატრიოტები” რუსეთის დუმის დეპუტატებს

“პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე “ნეტგაზეთს” უდასტურებს, რომ მისი პარტიის წევრები უახლოეს დღეებში მოსკოვში დუმის დეპუტატებთან გამართავენ შეხვედრებს. მისი თქმით, საუბრის თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იქნება.

“ყოველდღიურად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს მცოცავი ანექსია. ეს პროცესი განგრძობადია და ამას დასასრული არ უჩანს. ვხედავთ ხელისუფლებისგან უსუსურ განცხადებებს, რომელსაც რეალურად არავითარი შედეგი მოაქვს, ხოლო ეს პროცესი ისევ და ისევ გრძელდება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით საჭიროა დიალოგის გამართვა ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც შეიძლება ამ პროცესში იმდენად იყოს ჩართული, გარკვეული პოზიტივის შეტანა შეეძლოს,” – ამბობს “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკური მდივანი.

თევდორაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის “გასაღები” არ არის ერთ კონკრეტულ სახელმწიფოში ან ქალაქში. მისი თქმით, ეს “გასაღები” არის თბილისშიც, ცხინვალშიც, სოხუმშიც, ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც:

“ამიტომ ყველა ქვეყანას უნდა ვესაუბროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, თავისთავად ცხადია, რუსეთსაც. ჩვენი პარლამენტის წევრები რუსეთის დუმის წევრებთან ისაუბრებენ ამ თემაზე. ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლებაც უნდა ესაუბროს რუსეთის ხელისუფლებას. ამავდროულად, უნდა ესაუბროს ვაშინგტონსა და ბრიუსელსაც. ჩვენ უნდა ვესაუბროთ ოსებსაც და აფხაზებსაც. დამატებითი მოთამაშეც არის ამ ველზე შემოსული და ვიცით, რომ სომხური მოსახლეობა მეორე ადგილზეა რაოდენობით აფხაზეთში. უკვე თავისთავად ცხადია, თუ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობაზე გვინდა საუბარი, აფხაზეთში დაბრუნებაზე, აფხაზეთში ჩვენი დევნილების დაბრუნებაზე გვინდა საუბარი, სომხეთის მხარესაც უნდა ვესაუბროთ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს გზაც უნდა ვცადოთ და ასე უმოქმედობა არ შეიძლება.”

პარტიის პოლიტიკური მდივანი ამბობს, რომ ეს არ არის რაიმე ფარული ვიზიტი. ადა მარშანიამ საქართველოს პარლამენტში და კომიტეტის სხდომაზე რამდენჯერმე განაცხადა, რომ მზად იყვნენ მოსკოვში წასასვლელად.

მიუხედავად იმისა, რომ რუსმა სამხედროებმა 4 ივლისს კიდევ გადმოსწიეს ე.წ. საზღვარი საქართველოს მხარეს და მთავარ მაგისტრალზე, თბილისის აბრასთან თავიანთი დროშით ფოტოსესიაც გამართეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული მედია დაადანაშაულა სიცრუის ტირაჟირებაში. კითხვაზე, ასეთ ვითარებაში როგორ წარმოუდგენიათ რუსეთთან საუბარი, თევდორაძე გვპასუხობს:

“ჰოდა, ხომ ხედავთ, რომ სულ ასეთ რეჟიმში ვართ? რაღაც განცხადება გაკეთდება ჩვენი მხრიდან, მერე რუსეთის მხარე ამას უარყოფს, თუმცა პროცესი გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ რეალურად რუსეთი არის ამ პროცესში ჩართული. ამიტომ როგორღაც, ამ საკითხში სიცხადის შესატანად, ჩვენმა ქვეყანამ უნდა გამოხატოს, რომ მართლაც გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თორემ ახლა რას ველოდებით – ჩვენ რომ არ დავიწყოთ დიალოგი და თავად მოვიდეს რუსეთი ჩვენთან? 400 მეტრია დარჩენილი ცენტრალურ მაგისტრალამდე…

რეალურად, ჩვენ ხომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სხვა გზას ვერ ვხედავთ, გარდა მშვიდობიანი გზისა, ხომ? თუ მშვიდობიან გზაზე ვსაუბრობთ, თავისთავად ცხადია, რომ ეს გულისხმობს დიალოგს. ჩვენ როგორ გვგონია ახლა, ვთქვათ, ხვალ ან ზეგ ამერიკა ან ბრიუსელი ასე პირდაპირ, დამოუკიდებლად დაგვიბრუნებს აფხაზეთს თუ რა? ამ პროცესში ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული: აფხაზებსაც, ოსებსაც, რუსეთსაც, ვაშინგტონსაც და ბრიუსელსაც უნდა ვესაუბროთ. ალბათ, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, მაგრამ არავინ აიღო დღეს რაღაც გზამკვლევის როლი თავის თავზე.”

კითხვაზე, კონკრეტულად რას ეტყვიან “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები რუს დეპუტატებს და რითი აპირებენ მათი შეხედულებების შეცვლას, პარტიის პოლიტიკური მდივანი პასუხობს:

“ჩვენ გვექნება პირველი შეხვედრები და “მოვთელავთ” სიტუაციას. პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, რა ინტერესი აქვს რუსეთს; იქნებ ჩვენი ძველი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ პოზიტიური პროცესების წასვლის მიმართულებით რუსეთის რაღაც ინტერესებიც იყოს დაკმაყოფილებული… იქნებ მოვუსმინოთ, რა აინტერესებთ შავი ზღვის საკითხსა და მილსადენთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ გვინდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილების ღირსეული დაბრუნება. ამიტომ ჩვენი მიზნები გამოკვეთილია.

უნდა ვესაუბროთ რუსეთს ჩვენი მიზნების მისაღწევად ტერიტორიულ მთლიანობასთან და დევნილების ღირსეულად დაბრუნებასთან დაკავშირებით. უნდა გავიგოთ, მათი ინტერესი რა არის და ა.შ. კიდევ მრავალი საკითხია… თუნდაც მიცვალებულების საფლავების ნახვა რომ შეეძლოთ ადამიანებს, გადაადგილება ნორმალურად – ეს უკვე გააღრმავებს ისევ ურთიერთობებს. როდესაც პირდაპირ კონტაქტი არსებობს ისევ საქართველოს მხარესა და აფხაზ მოსახლეობას შორის, ეს, თავისთავად ცხადია, რაღაც პოზიტივს მისცემს ამ პროცესებსაც. მრავალი ისეთი ფაქტორია, რომელზეც შეიძლება საუბარი.”

გოჩა თევდორაძის თქმით, სახელმწიფოებრივი მიდგომის გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდება. როგორც “პატრიოტთა ალიანსის” ერთ–ერთი ლიდერი ამბობს, ასეთ პროცესებში და დიალოგში საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩართოს: “თორემ არ შეიძლება ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ… [სპა–ს] საპარლამენტო დელეგაცია შეხვდება რუსეთის დუმის დელეგაციას, მაგრამ აქ საკითხი ერთმნიშვნელოვად, უთუოდ და პოზიტიურად გადაწყდება, ასეთი განცდა ჩვენ არც გვაქვს. თუმცა ჩვენ გვინდა, რომ ეს დიალოგი დაიწყოს და იყოს განგრძობადი – ჰქონდეს გარკვეული პოზიტიური შედეგები, რომელიც საბოლოო მიზანთან მიგვიყვნს, რასაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია.”

ოპონენტების ბრალდებებს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” არის პრორუსული პარტია, პარტიის პოლიტიკური მდივანი იარლიყებს უწოდებს. მისი თქმით, პრორუსულობას არ ნიშნავს, როდესაც ამბობენ, რომ რუსეთიც უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში ჩართული.

როგორც გოჩა თევდორაძე ამბობს, პატრიოტთა ალიანსი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მომხრეა. მისი თქმით, არ უნდა შენელდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციისკენ საქართველოს ლტოლვა:

“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რეალურად მიღწევადია ევროკავშირში გაწევრიანება და უფრო ახლო პერსპექტივაშია. ნატო, ალბათ, უფრო შორეული პერსპექტივაა, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და უნდა გავაგრძელოთ სვლა. ვამბობთ, რომ ნატო არის ძალზედ კარგი ქვეყნისთვის: თავდაცვისუნარიანობისთვის, მაღალი ტექნოლოგიების განვითარებისთვის და ეკონომიკური სიძლიერისთვის. ნატოს სხვადასხვა მისიებში საქართველო ახლაც არის ჩართული, ვფიქრობთ, ბევრ ისეთ ქვეყანაზე აქტიურად, რომლებიც უკვე არიან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები. მხარს ვუჭერთ ჩვენ ამ პროცესს, მხარს ვუჭერთ ევროინტეგრაციის საკითხს და ვამბობთ, რომ ეს პროცესი უნდა იყოს შეუქცევადი, მაგრამ ჩვენთვის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ევროკავშირი და ნატო, სხვა თანმდევ სიკეთეებთან ერთად, გვჭირდება სწორედ იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია.”

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, გოჩა თევდორაძე. 25.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, გოჩა თევდორაძე. 25.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

პარტიის თავმჯდომარეა დავით თარხან-მოურავი, გენერალური მდივანი კი – ირმა ინაშვილი, სამდივნოს წევრები არიან: ადა მარშანია, გიორგი ლომია, არჩილ ლეკიშვილი, რეგან (ცირა) თელოიანი, გოჩა თევდორაძე, ვაჟა ოთარაშვილი, გიორგი მაღლაკელიძე.

პარტია, როგორც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო შემოწირულობებით.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” დეკლარირებული აქვს, რომ ის არის მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ზომიერი კონსერვატიული იდეების, აგრეთვე, ქართული სულისკვეთების, კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული ფასეულობების განავრცობას.

პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სრულ ევროინტეგრაციას პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სფეროების ჩათვლით. ამავდროულად, აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეროვნული და კულტურული ფასეულობები სრულად უნდა იყოს დაცული და შენარჩუნებული ევროინტეგრაციის პროცესში.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმების 4.72%. შედეგად, ამ პარტიის სახელით საქართველოს თვითმმართველობის რაიონულ/საქალაქო ორგანიზაციებში არჩეულია 44 მუნიციპალური დეპუტატი.

“პატრიოტთა ალიანსი” გამოირჩევა ანტითურქული და პრორუსული განწყობების გავრცელებით. მათი ლიდერების ორგანიზებით ჩატარდა არაერთი აქცია აჭარაში. მაგალითად, მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ, ასევე, თურქეთთან საზღვარზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი