საყოველთაო აღწერის დეტალებზე დღეს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორიმა ზაზა ჭელიძემ და  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ისაუბრეს.

აღწერის ჩატარებას საფუძვლად უდევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაცია წევრი ქვეყნებისადმი. გაეროს მოთხოვნით მოსახლეობის აღწერა წევრ ქვეყნებში 10- წლიანი ინტერვალით უნდა ტარდებოდეს, რადგან გაეროს წევრი ქვეყნები, ისევე როგორც საქართველო, მსოფლიო მოსახლეობის აღწერის 2010 წლის რაუნდში არიან ჩართული.

წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ზაზა ჭელიძე მიიჩნევს, რომ პრობლემები ამჯერადაც მრავლად იქნება:

“ბიუჯეტის მხრივ პრობლემა არ იქნება, მაგრამ პრობლემაა ადამიანური რესურსი, დაახლოებით 18 000–მდე ადამიანი იქნება საჭირო აღწერის განსახორციელებლად. გასაგებია, რომ ძალიან ბევრი მსურველია, მაგრამ ამ ადამიანებს სჭირდებათ შერჩევა, დატრენინგება. ამ მხრივ საყურადღებოა ჩვენი სამსახურის რესურსებიც, დაახლოებით 150–მდე ჩვენმა თანამშრომელმა უნდა დაატრენინგოს და მოამზადოს ეს 18 000 ადამიანი. საჭირო იქნება კარგი ინფრასტრუქტურა, შენობა, სადაც იქნება მოწესრიგებული გარემო და ეს ადამიანები შეძლებენ მუშაობას. ასევე მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ საქმეს ნუ გაურთულებენ საქსტატის თანამშრომლებს, მიაწოდონ შესაბამისი, მაქსიმალურად დეტალური და უტყუარი ინფორმაცია”, – აცხადებს ზაზა ჭელიძე.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება. აღწერის პირველ ეტაპზე საველე სამუშაოები დაიწყება, რაც შენობებისა და მათში მცხოვრები ოჯახების წინასწარ შემოვლას და აღწერას მოიცავს. 2014 წლის 5–19 ნოემბერს კი, სამუშაოების მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, მოსახლეობის აღწერა ჩატარდება.

კრიტიკული მომენტი 4–5 ნოემბრის შუაღამე, 12 საათი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტის შემდეგ დაბადებულები და ამ მომენტამდე გარდაცვლილები არ აღირიცხებიან.

გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მოსახლეობასთან ერთად სასოფლო–სამეურნეო აღწერის ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც შინამეურნეობის სასოფლო–სამეურნეო აქტიურობის შესახებ მონაცემების შეგროვებას გულისხმობს. ამ საკითხებზე პასუხების მისაღებად მოსახლეობას სპეციალური კითხვარების შევსება მოუწევს.

აღწერის შედეგად მოსახლეობის რაოდენობასთან, ასაკობრივ და სქესობრივ მონაცემებთან ერთად დადგინდება განლაგება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, სასოფლო–სამეურნეო თუ სხვა ეკონომიკური აქტივობა, მიგრაცია და სამუშაო ძალის სიჭარბე. მოხდება მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება და უმუშევრობის მონაცემების დადგენა.

საყოველთაო აღწერის ჩატარებისას დასაქმებულთა რაოდენობა წლების მიხედვით განსხვავებული იქნება. მიმდინარე წელს, ანუ აღწერის პირველ ეტაპზე საველე სამუშაოებზე 4 ათასამდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო 2014 წლისთვის დასაქმებულთა რიცხვი 15 ათასი იქნება.

რაც შეეხება ხარჯებს, 2013 წელს საყოველთაო აღწერის დანახარჯი 4.500 ლარამდე იქნება, 2014 წლისთვის – 11 ათასზე მეტი, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში – დამატებით 2.500 ლარამდე. აღწერის განხორციელებისათვის გასაწევი მთლიანი ხარჯი ერთ მცხოვრებზე 4,4 ლარი იქნება, 2006–2016 წლების დანახარჯების მიხედვით.


მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ბოლოს საქართველოში 2002 წელს ჩატარდა, ამის შემდეგ, გაეროს რეკომენდაციის თანახმად, საქართველოში აღწერა მაქსიმუმ 2012 წელს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ფინანსური და სხვა პრობლემების გამო ეს ვერ მოხერხდა.

2002 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონ 300 ათასამდე იყო, რამაც 1989 წელთან შედარებით მილიონიანი კლება აჩვენა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *