ამის შესახებ მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:
“არანაირ ეკოლოგიურ კატასტროფას არ გამოიწვევს ჰიდროელეტქოსადგურების მშენებლობა. ჩვენთვის, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ახალი სიმძლავრეები, ახალი ჰიდროელექტროსადგურები, რაც გამოიწვევს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგოუსაფრთხოებას, ზოგადად. ყველა მშენებლობა რაღაც გარკვეულ ზემოქმედებას, რა თქმა უნდა, ახდენს გარემოზე. ბევრს აქვს დადებითი, უარყოფითიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ შევაფასოთ, რამდენად მიზანშეწონილი იქნება, რამდენად იქნება უფრო მეტი დადებითი მხარეები და ამის შემდეგ მოხდება ახალი სადგურების აშენება.”
შეხვედრაზე კალაძეს უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მის სამინისტროში ახლობლების დანიშვნაზეც დაუსვა კითხვა. კალაძემ დაადასტურა, რომ ორი პირი ნამდვილად დანიშნა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი ცოდნის გამო შეარჩია და არა ახლობლობის ნიშნით:
“ჩემი შტაბის ხელმძღვანელი იყო ბატონი ავთო თევზაძე. ზაზა ადეიშვილს რაც შეეხება, ერთ-ერთი აქტივისტი იყო “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პერიოდში. ორივე ძალიან განათლებული ადამიანია. მე შემიძლია დეტალურად მოგაწოდოთ მათი წარსულის შესახებ CV-ები, ნახოთ, ამ ადამიანებს რა აქვთ დამთავრებული და როგორი “ბაგაჟების” პატრონი არიან, ასე ვთქვათ.”
უმცირესობის დეპუტატებმა მინისტრს ურჩიეს, რომ მომავალში კონკურსის წესით შეარჩიოს კადრები. მათი თქმით, ეს, ერთი მხრივ, უსამართლობის განცდას არ გააჩენს და მეორე მხრივ, უფრო ფართო არჩევანის საშუალებას მისცემს სამინისტროს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. დანამატს საწვავის ფასზე. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს:
“კითხვები არსებობს, მეც მაინტერესებს პირადად, სად მიდიოდა 4 თეთრი, მაგალითად, ელექტროენერგიიდან, სად მიდიოდა ბენზინის ფასი 1 თეთრი, რომელიც 10 მილიონია, 3 თეთრი 30 მილიონია”.
უმცირესობამ მინისტრს განუცხადა, რომ წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნება” საწვავზე “ერთლარიან დანამატზე” საუბრობდა.
შეხვედრის დასრულის შემდეგ, რომელიც ორი საათს გაგრძელდა, მხარეებმა შედეგები შეაჯამეს.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის ძალიან კმაყოფილია:
“შეხვედრა გულწრფელად ძალიან საინტერესო იყო, მინისტრი იყო საკმაოდ გულწრფელი. პრინცპიში დაანგრია ის ხალხში მოსიარულე მითები, რომელსაც “ქართული ოცნება” ავრცელებდა წინასაარჩევნო პერიოდში, რომ რაღაც ენერგომაფია არსებობს და ვიღაცები რაღაცების წილში ზიან, რომ ენგურჰესი გაყიდულია და ა.შ. რაც ცალსახად მისასალმებელია. იყო კითხვები, რომლებზეც პასუხები არ ჰქონდა და მან გულწრფელად თქვა, რომ ის მოიძიებს ამ ინფორმაციას და 1 თვეში დაახლოებით შეგვხვდება და რაღაც კითხვებზე, განსაკუთრებით გაზიფიკაციაზე გაგვცემს პასუხებს. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით.”
კახა კალაძის თქმით, ასეთი ტიპის შეხვედრებით მთავრობის მოქმედება უფრო ეფექტური ხდება:
“ზოგადად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები. ვიტყოდი იმასაც, რომ ძალიან ეფექტურს ხდის მთავრობის მუშაობას, როდესაც არსებობს კითხვები, მოთხოვნები უმცირესობის მხრიდან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.”
