ახალი ამბები

ომბუდსმენის შეფასებით, ბიზნესმენ ქოქოლაძეს სამართლიანი სასამართლოს უფლება ეზღუდება

11 ივლისი, 2017 • 2308
ომბუდსმენის შეფასებით, ბიზნესმენ ქოქოლაძეს სამართლიანი სასამართლოს უფლება ეზღუდება

ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რომ მისთვის ბრალის წარდგენიდან 6 წელი გავიდა, საქმის სასამართლო განხილვა კი ამ დრომდე არ დაწყებულა, რაც მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, საქმის განხილვა 24 თვის ვადაში უნდა დაწყებულიყო.

“2011 წელს სააკაშვილის რეჟიმმა უკანონოდ წამიყენა ბრალი. დღემდე ვერ ხერხდება სასამართლო პროცესის ჩანიშვნა, რათა დავამტკიცო, რომ ადეიშვილ-ხაზარაძე-კეზერაშვილის ბრალდებები იყო უკანონო, რომ ყველა ბრალდება ჩემს მიმართ უსაფუძვლოა და ეს ადეიშვილის პროკურატურამ ხაზარაძისა და კეზერაშვილის დახმარებით შეთითხნა იმის გამო, რომ წაერთმიათ ბიზნესი, რომელიც პირველი დღიდან ჩემი შექმნილი იყო,” – ამბობს ქოქოლაძე.

ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის 3 აგვისტოს დააკავეს და ბრალი წაუყენეს თაღლითობისა და დოკუმენტაციის გაყალბების წაქეზების მუხლებით (სსკ 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“,“ ბ“ და 362–ე მუხლს მეორე  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

2011 წლის აპრილში ქოქოლაძეს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა იმავე წელს კიდევ ახალი ბრალი წარუდგინეს – თაღლითობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით. სწორედ ამ უკანასკნელი საქმის სასამართლო განხილვის გაჭიანურებაზე საუბრობს ანზორ ქოქოლაძე, ვინაიდან პირველ საქმეზე, რისთვისაც ის დაკავებული იყო, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, 2012 წლის 26 მაისს დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.

როგორც ბიზნესმენის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, ამ საკითხზე  ბიზნესმენის უფლებადამცველებმა რამდენჯერმე მიმართეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის საბჭოს, თუმცა ქოქოლაძეს საკუთარი თავის სასამართლოში დაცვის საშუალება ამ დრომდე არ აქვს. პარალელურად, 2012 წელს ანზორ ქოქოლაძემ “ელიტ ელექტრონიქსის” საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა.

ქოქოლაძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ პროცესი შეგნებულად ჭიანურდება და ეს ხელისუფლების მიერ თიბისი ბანკის სამეთვალსყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ლობირებაზე მეტყველებს, რომელსაც ბიზნესმენი “ელიტ ელექტრონიქსის” მითვისებაში ადანაშაულებს:

“ექვსი წლის წინ ვერც კი დავუშვებდი, რომ არათუ სამართლიანობა არ აღდგებოდა, სასამართლო პროცესებიც კი არ ჩაინიშნებოდა. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩემი და “ელიტ ელექტრონიქსის” საქმეების უსასრულოდ გაწელვის მიზეზი, როგორც პროკურატურაში, ისე სასამართლოში, გამოწვეულია ხელისუფლების გავლენიანი წრეების  მხრიდან მამუკა ხაზარაძის ლობირებით,” – ამბობს ბიზნესმენი.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმაც. როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმეს წლებია სწავლობს. უჩა ნანუაშვილის თქმით, ანზორ ქოქოლაძეს ეზღუდება უფლება, საკუთარი პოზიცია სასამართლოში დაიცვას:

“საქმეში არაერთი დასკვნა არსებობს. ჯერ კიდევ ჩემი წინამორბედის, სოზარ სუბარის მომზადებული, სადაც მთელ რიგ უკანონობებზეა საუბარი. მათ შორის, როგორ მოხდა საგადასახადო შემოწმება “ელიტ ელექტრონიქსის”, როგორ იქნა პროცესები დარღვეული და ამის შესახებ საკმაოდ დეტალური კვლევა არსებობს.

ასევე  ჩემს დროსაც, 2013 წელს, იქნა მომზადებული სპეციალური  წინადადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისამართით, სადაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მოსამართლეების მხრიდან იყო კანონის მთელი რიგი მოთხოვნები დარღვეული, რაზეც ცალკე მოვითხოვდით რეაგირებას.

მე მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ საქმეებზე რეაგირება, თუნდაც დაგვიანებით. ამ ადამიანებმა უნდა ისარგებლონ კანონით მინიჭებული უფლებით. ესაა კანონიერი სასამართლოს უფლება, რასაც ეს ადამიანები წლებია ითხოვენ,” – ამბობს სახალხო დამცველი.

ბიზნესმენის ადვოკატებმა სარჩელით მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც. ევროსასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, თუმცა განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

ქოქოლაძის ბრალდებებს პასუხობს “თი-ბი-სი” ბანკი. როგორც კომპანიაში აცხადებენ. ბანკსა და ქოქოლაძეს შორის ერთადერთი კავშირი არსებობს და ეს სასესხო ხელშეკრულება იყო, რომელიც მან არაერთგზის დაარღვია, რის გამოც ბანკს რამდენიმე მილიონიანი ზარალი მიადგა და საჭირო გახდა “ელიტ ელექტრონიქსის” 55- პროცენტიანი წილის რეალიზაცია:

“თიბისი ბანკის მიერ აქციების რეალიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებით თიბისი ბანკს ქოქოლაძესთან სამოქალაქო დავა ჰქონდა 7 წლის წინ. ეს დავა საქალაქო სასამართლოში მან თავად დაიწყო, კერძოდ, აღძრა საქმე თიბისი ბანკის წინააღმდეგ და მოითხოვა იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც „ელიტ-ელექტრონიქსის“ დაგირავებული აქციების 55% ბანკს გადაეცა საკუთრებაში რეალიზაციისთვის და სასესხო ვალდებულების გასასტუმრებლად.

ეს დავა ბანკმა მოიგო სამივე ინსტანციაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქოქოლაძის სარჩელი, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ხოლო უზენაესმა სასამართლომ ანზორ ქოქოლაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და არ განიხილა,” – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, ქოქოლაძე ირწმუნება, რომ მანამ, სანამ კომპანიის სათავეში თავად იმყოფებოდა, სასესხო ხელშეკრულება არ დარღვეულა. ბიზნესმენის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით ბლოკირება გაუკეთეს მის კომპანიას, მართვაში მამუკა ხაზარაძე მოიყვანეს, რის შემდეგაც მიზანმიმართულად დაარღვიეს კრედიტის გადახდის გრაფიკი და კრედიტის დარღვევის მოტივით კომპანია გადაიფორმეს. ამ ბრალდებებს თიბისი ბანკში უარყოფენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი