“მე არ ვიცი, რატომ ითხოვენ ჩემი თანამშრომლებისგან ნარკოტესტის ჩაბარებას. როგორ მოგეწონებათ, რომ მე მოვითხოვო საიას თანამშრომლებისგან ან სხვა პირებისგან ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარება?! თქვენ, ალბათ, გახსოვთ, რომ მე რამდენიმე თვის წინ ვიყავი პირველი ინიციატორი, პირველმა მე ჩავაბარე ნარკოტესტი. ეს ტესტი ჩააბარეს ჩემმა მოადგილეებმა, ასევე, ყველა სამმართველოს ხელმძღვანელმა, მათ შორის ვალერი თელიამ. ეს არის რაღაც გაუგონარი და სასაცილო მოთხოვნა. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ვალერი თელიას თანამდებობიდან არ გადააყენებს:
“კიდევ ვიმეორებ, ეს ადამიანი 24 საათი იცავს აჭარის უსაფრთხოებას, ის გამოვა კლინიკიდან და გააგრძელებს მუშაობას. ის, რომ აჭარაში მდგომარეობა არის სტაბილური, მისი დამსახურებაა.”
ვალერი თელია გუშინ საღამოს ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პოლიციელებისათვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა არის დანაშაული:
“ვიმეორებ, რომ მეც არ მომეწონა, იქ შეიძლება რაღაც სხვანაირად ყოფილიყო. მაგრამ ის არის ადამიანი, პოლიციელი, ის ატარებს მუნდირს. შეიძლება მას მეტი უნდა მოეთმინა, ან არ უნდა მოეთმინა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. აქედან ამხელა აჟიოტაჟი ატეხეს და თითქმის გამოაცხადეს მესამე მსოფლიო ომის ინიციატორად. თუმცა, მეორე მხრივ, კარგ დეტალზე მიუთითებს, რომ ჩვენ მიმართ სხვა პრეტენზიები არ არსებობს, არც თქვენი მხრიდან და არც საზოგადოების მხრიდან”.
კითხვაზე, თუ რატომ არ მოხვდა გენერალური ინსპექციის დასკვნაში ის, რომ ვალერი თელიას მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი გენინსპექციის დასკვნაში არ უნდა მოხვედრილიყო:
“თელია დაჯარიმდა ამის გამო და ჯარიმა იმ დღესვე გადაიხადა. მან მართვის მოწმობა აიღო თუ ვერ აიღო, ეს მისი პრობლემაა. ის დაჯარიმდა და გადაიხადა ჯარიმა. უნდა დაისაჯოს ის, ვინც არღვევს კანონს, ეს არის ჩემი აზრი და ჩემი მიდგომა.”
ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში საიას თანამშრომლებსა და ვალერი თელიას შორის მომხდარი ინციდენტის კადრების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ამ პრობლემის წამოწევით საიამ მთავარი საკითხი გადაფარა:
“ჩვენ თვითონ გავავრცელეთ ამ ინციდენტის კადრები. სხვა რაკურსიდან გადაღებული კადრების მოპოვება ვერ შევძელით. ამაზე გავაკეთეთ რეაგირება და ის ადამიანი, ვინც დაუდევრად მოიქცა, არ თუ ვერ შეძლო კადრების მოწოდება, ჩვენ გამოვუცხადეთ საყვედური. რას ითხოვთ? დავაპატიმროთ, დავხვრიტოთ, თუ რა ვქნათ?”
