ახალი ამბები

“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტში დამატებითი ცვლილებები შედის

3 აპრილი, 2013 • • 991
“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტში დამატებითი ცვლილებები შედის

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკან მიიღო, თუმცა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, ვენეციის კომისიის დასკვნასთან მაქსიმალურად მიახლოების მიზნით, ის მეორედ მოსასმენად უკან გამოიწვიეს:

 

შალვა შავგულიძის თქმით ამ საკითხზე უმცირესობასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა:

 

” იყო მცდელობა, რომ ყოფილიყო შეთანხმება და უმცირესობასთან ერთად შეთანხმებული ვარიანტი წარმოგვედგინა, მაგრამ ეს ვერ იქნა მიღწეული. მიუხედავად ამისა უმრავლესობამ მივიჩნიეთ საჭიროდ, რომ მეორე მოსმენისთვის კანონპროექტი უკან გამოგვეთხოვა ხელახლა, რომ მაქსიმალურად მიგვეახლოვებინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისთვის ამ წევრთა არჩევა. ვენეციის კომისია ამ ნაწილში იძლევა რეკომენდაციას, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ოპოზიციის ჩართულობა იუსტიციის საბჭოს იმ წევრთა არჩევაში, რომელსაც ირჩევს პარლამენტი. ახალ კანონპროექტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული რეკომენდაციები, პრეზუმფცია არის ის რომ იუსტიციის საბჭოს წევრების უმრავლესობა აირჩევა 2/3 ით, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხდება პირველ ტურში 2/3 ით არჩევა, მე-2 და მე-3 ტურებში დასაშვებია 4 წევრის არჩევა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ ორი წევრი მაინც უნდა იყოს არჩეული 2/3 ით ანუ ის, რომ ორი წევრი მაინც აირჩევა მხოლოდ უმცირესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, აი ეს მომენტი დატოვებულია ამ კანონპროექტში. როგორ შეიძლება, რომ უფრო მეტად ჩავრთოთ უმცირესობა ჩვენ ვერ მოვიფიქრეთ, მაგრამ ვერც უმცირესობისგან მოვისმინეთ ასეთი შემოთავაზება. ისინი სამწუხაროდ კვლავ აკრიტიკებენ ამ კანონპროექტს.” 

 

შავგულიძის მტკიცებით უმრავლესობა კოტე კუბლაშვილთან 3 წევრზე შეთანხმდა:

 

“ჩვენი პოზიცია იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ უნდა იყვნენ ის მოსამართლეები არჩეულები, რომლებსაც ადმინისტრაციული თანამდებობა უკავიათ, რაგდან ისინი მაინც ახორციელებენ გარკვეულ ადმინისტრირებას მათი თანამდებობიდან გამომდინარე და მათ ხელში კიდევ ერთი ადმინისტრაციული ძალაუფლების მოქცევა არ შეესაბამება ძალაუფლების განაწილების დემოკრატიულ პრინციპებს. მაგრამ, აქაც ჩვენი მხრიდან იქნა გარკვეული კომპრომისი დაშვებული თანხმობის მიღწევისათვის. ვენეციის კომისია თავის დასკვნაში მიუთითებდა, რომ ზოგადი პრინციპი გასაგებია მაგრამ ხომ არ იქნეს მაინც დაშვებული რაღაც რაოდენობა და პატონ კოტე კუბლაშვილთან ერთად 3 წევრზე შევთანხმდით.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიშა მაჭავარიანის მტკიცებით, უმრავლესობამ პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების არჩევის ისეთი წესი მოიფიქრა, რომ მათ მუდმივად ექნებათ უმრავლესობა საბჭოში:  

„ამ ფანდის მოფიქრებით ვერ კმაყოფილდება ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.. ეს არის დისკრიმინაციული ქვორუმი. ვერაფერს ვერ დავარქმევ, როცა ექვს კაცში ოთხი აირჩევა 76 ხმით, ეს ხმები აქვს უმრავლესობას და უპრობლემოდ აირჩევა. ორი ადგილი მუდმივად იქნება ვაკანტური, იმიტომ, რომ ვერასოდეს ვერ შგვითანხმდებიან და იუსტიციის საბჭოში, სადაც 15 წევრი უნდა იყოს, იქნება 13 წევრი, და შესაბამისად, ძალთა ბალანსი იქნება მუდმივად დღევანდელი ხელისუფლების მხარეს. ჩვენ ამ კანონპროექტს არათუ მხარს დავუჭერთ, არამედ ავუხსნით ქართულ საზოგადოებას, რომ ართმევენ დამოუკიდებელ სასამართლოს და ვილნიუსის სამიტის წინ ძალიან სახიაფათო გადაწყვეტილებას ღებულობენ.“ 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი