ახალი ამბები

“შეჩერდეს რუსული ოკუპაცია” – მოქალაქეებმა ბერშუეთში კარვები გაშალეს [ფოტო]

8 ივლისი, 2017 • 8704
“შეჩერდეს რუსული ოკუპაცია” – მოქალაქეებმა ბერშუეთში კარვები გაშალეს [ფოტო]

დღეს, 8 ივლისს, გორის რაიონ სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს და იქ დაბანაკდნენ. აქცია არ არის რომელიმე პოლიტიკური ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია პროტესტს შეუერთდეს.

საპროტესტო აქცია კარვებით სოციალურ ქსელში სამმა მოქალაქემ დააანონსა. ისინი თხოვნით მიმართავენ საზოგადოებას, რომ ბერშუეთში არავინ წაიღოს ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, ალკოჰოლური სასმელები. მათ მხოლოდ ერთი თხოვნა აქვთ – “ხელს გამოაყოლეთ პატრიოტული და პოზიტიური განწყობა!”

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა ჯაფარიძე ამბობს, რომ ხვალაც აქვთ მოქალაქეებს სოფელ ბერშუეთში ასვლის სურვილი და შესაძლოა კარვების აქცია კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდეს. მისი თქმით, თავად ორგანიზატორები დღეს დარჩებიან საოკუპაციო ხაზთან კარვებში, ხოლო ხვალ უკვე დატოვებენ ტერიტორიას, რადგან მეტი დროის რესურსი არ ჰყოფნით.

აქციის მონაწილეები სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ხვალაც აპირებენ დარჩენას. როგორც საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ძიგუა ამბობს, ადგილიდან თეთრად ჩანს რუსული ბაზაც. მათი უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე მოძრაობენ ქართველი სამართალდამცველებიც, რომლებიც თეთრი პიკაპებით აკონტროლებენ პერიმეტრს.

დღესვე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სოფელ ბერშუეთში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ზოლთან საპროტესტო აქცია “არა ოკუპაცია” გამართეს. სტუდენტებმა საოკუპაციო ხაზთან ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ამ ფოთმით გამოხატეს პროტესტი. როგორც კარვების აქციის მონაწილეები, ასევე სტუდენტები, სოფელ ბერშუეთთან ახალი საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმას აპროტესტებენ.

ქართული მედიისა და სუს-ის მიერ 4 ივლისს გავრცელებულ ცნობას, რომ “გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გამო რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა”, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისია (EUMM) გამოეხმაურა. მისიის ინფორმაციით, ბანერების დადგმის უკანასკნელი ფაქტი ფიქსირდება არა 4 ივლისს, არამედ 2017 წლის 19 ივნისს ბერშუეთის [გდულეთი] მახლობლად, ძალიან ახლოს ადმინისტრაციულ საზღვართან, იმ მონაკვეთზე, რომელიც თბილისის მიერ არ კონტროლდება.

4 ივლისს ქართული მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს მოსკოვიც გამოეხმაურა და საქართველო კვლავ ცრუ და აბსურდულ განცხადებებში დაადანაშაულა. გაეროში საქართველოს მისიამ გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან რუსული ჯარების თვითნებური ქმედების გამო სპეციალური განცხადება წარუდგინა.

საპროტესტო აქცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სოფელ ბერშუეთთან. ფოტო: ირაკლი ძიგუა

მასალების გადაბეჭდვის წესი