ახალი ამბები

მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა

7 ივლისი, 2017 • 6246
მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა

დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ოჯახის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა დაუდასტურა.

როგორც ბარათაშვილი ამბობს, სამინისტროს არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი, უარი ეთქვა ჩაბუქის ოჯახისთვის სტატუსის მინიჭებაზე და კანონის შესაბამისად, ადვოკატი 1 თვის ვადაში ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

სოსო ბარათაშვილის თქმით, ადვოკატს 10-გვერდიანი დოკუმენტი სულ რამდენიმე წუთის წინ გადაეცა და ამ საკითხზე ვრცელ კომენტარს ჩაბუქის ცოლთან ერთად ორშაბათს, 10 ივლისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სტატუსის დადგენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია პოზოვმა განაცხადა, რომ მთელი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი 7 ივლისს გადაწყდება.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი