ახალი ამბები

შიმშილობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად

1 აპრილი, 2013 • 1438
შიმშილობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად

ის ბათუმის საკრებულოს „მრჩეველთა საბჭოს“ წევრია. მისი განცხადებით, „პროკრედიტ ბანკმა“, რომლის საკუთრებაშიცაა შენობა, პატივი უნდა სცეს კულტურულ მემკვიდრეობას და მას ძველი იერსახე შეუნარჩუნოს.

 

„დანაშაულია ის, რომ შენობის შეღებვის ნებართვა გაიცა და ამ ნებართვაზე ხელის მომწერი ყველა პირი არის პასუხისმგებელი. ამავე დროს, დღევანდელ მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას ძეგლები“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

 

მისი განცხადებით, პროტესტი მიმართულია ყველა იმ კულტურული ძეგლის დასაცავად, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია: „ეს შეეხება არა მარტო ამ შენობას, ყოფილი ფოსტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ შენობასაც“.

 

პროტესტს ბათუმის საზოგადოების ნაწილიც უერთდება. ამ დროისთვის ორასზე მეტი ხელმოწერაა შეგროვებული, ხელმომწერები შენობის ფასადის შეღებვის შეწყვეტას მოითხოვენ.

 

„უბრალოდ, გაურკვეველი და სამწუხაროა ეს გამოსვლები, რადგან შენობის შეძენამდე და შეძენის შემდეგაც, როგორც ბათუმის მერიასთან, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურთან იყო აქტიური კომუნიკაცია. ჩვენ გვაქვს ყველანაირი წერილობითი თანხმობა იმის შესახებ, რომ განვახორციელოთ სარემონტი სამუშაოები“, – აცხადებს „პროკრედიტ ბანკის“ გაფართოებული მენეჯმენტის წევრი თეა თაბაგარი.


იგი აღნიშნავს, რომ ბანკის ფასადთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს რამდენიმე ვარიანტი წარედგინა და მოწონებული იქნა ის, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა: „ასე რომ, ნებართვის საფუძველზე ვახორციელებთ სამუშაოებს.”

 

თეა თაბაგარი ასევე აცხადებს, რომ ბანკმა შენობის გამაგრებაზე გაცილებით მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე დაუჯდებოდა ფილიალის რემონტი: „ძველ მეპატრონეს იქ უკვე ჰქონდა გარკვეული სამუშაოები დაწყებული, რის გამოც შენობის გარკვეული ნაწილი დაზიანებული იყო. ახლა კი შენობას აქვს სარტყელი და გამაგრებულია საძირკველი“.

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა ამბობს, რომ ყოფილი რედაქციის შენობაზე სამუშაოების ჩატარების ნებართვა მის სააგენტოში მისვლამდე გაიცა და სააგენტოს უკვე არ შეუძლია ამ საქმეში ჩაერიოს. თუმცა, როგორც ბიძინა აფხაზავა აღნიშნავს, სააგენტო აპირებს შეხვდეს  “პროკრედიტ ბანკის” აჭარის ფილიალის წარმომადგენლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი