ახალი ამბები

უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს

7 ივლისი, 2017 • 2711
უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს

გრიგოლ ვაშაძე ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იქნება. იგი უდუმაშვილმა შესაბამის პოზიციაზე დღეს წარადგინა.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს ადამიანი დათანხმდა ჩემს თხოვნას, უხელმძღვანელოს ჩემს შტაბს. ეს არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება და ცოდნა აქვს, რაც მე ძალიან გამომადგება წინასაარჩევნო პერიოდში”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

რუსთაველის 19 ნომერში ენმ-მ შტაბი გახსნა, სადაც გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მივიდეს და პარტიასთან იმ პრობლემებზე ისაუბროს, რომლებიც მას აწუხებს. მისი თქმით, შტაბს არა მხოლოდ უდუმაშვილი, არამედ პარტიის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატებიც გამოიყენებენ.

“ვისაც მობერზრდა დაპირებები, რომელიც არ სრულდება და ვერც შესრულდება იმიტომ, რომ დილეტანტების მიერ არის გაცემული, ვისაც სურს, რომ თბილისის სათავეში იხილოს ადამიანი, რომელსაც ზურგზე არც კლანური და არც ნეგატიური ბარგი არ აქვს აკიდებული, ხმას ზალიკო უდუმაშვილს მისცემს”, – განაცხადა ვაშაძემ, რომელიც საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი