ახალი ამბები

“წითელი ზონა” და ინტერview შესაძლოა აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდეს

7 ივლისი, 2017 • 4625
“წითელი ზონა” და ინტერview შესაძლოა აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდეს

გოგი გვახარიას  საავტორო გადაცემა “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის ინტერview შესაძლოა ახალი სეზონიდან აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდეს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამ საკითხზე მხარეეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

აჭარის ტელევიზიის აღმასრულებლეი დირექტორი, ნათია კაპანაძე ნეტგაზეთთან ადასტურებს, რომ მართლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ ორ გადაცემასთან დაკავშირებით.

“გავა თუ არა, ეს დამოკიდებულია იმ ვალდებულებებზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქვს რადიო თავისუფლებას ამ ეტაპზე. მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან მათ, როგორც იცით, კონკრეტული ვალდებულებები აქვთ და ამ ვალდებულებების დასრულების შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს მოლაპარაკებები. საწყის [ეპატზეა] მხოლოდ ჩვენი მოლაპარაკებები და დამოკიდებულია საზოგადოებრივ მაუწყებელთან სამართლებრივი ურთიერთობის დასრულებაზე. ჩვენ გვქონდა ამაზე კომუნიკაცია, მაგრამ მას შემდეგ გაგრძელდება [საუბარი], რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან სამართლებრივი ვალდებულებები ამოიწურება”, – ამბობს კაპანაძე.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თავად აჭარის ტელევიზია თუ არის დაინტერესებული, რომ ეს ორი გადაცემა მათთან გავიდეს, ნათია კაპანაძე გვპასუხობს: “მოლაპარაკებები არის მხოლოდ საწყის ეტაპზე. იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება”.

დავით კაკაბაძე, “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ხემძღვანელიც ადასტურებს, რომ აჭარის ტელევიზიას, როგორც ერთ-ერთ ვარიანტს განიხილავენ. კაკაბაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მათ კონტრაქტს ვადა 17 ივლისს ეწურებათ.

“გამორიცხული არ არის, მაგრამ ჯერ ნაადრევია საუბარი. განიხილება რამდენიმე ვარიანტი, [აჭარის ტელევიზია] ერთ-ერთია. არანაირი ოფიციალური საუბარი არ გამართულა ჯერ. ძალიან ბუნებრივი იქნება, თუ ასე მოდა.  ჩვენთვის მიზანშეწონილი და პრიორიტეტული იყო საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობა, რადგანაც აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელია, პირველ კანდიდატად ეს განიხილება ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა დავით კაკაბაძემ.

დავით კაკაბაძის თქმით, “რადიო თავისუფლების” კონტრაქტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჯერ კიდევ მოქმედებს და ამიტომ თავს იკავებს შესაძლო ვარიანტებზე საუბრისგან.

“წითელი ზონაც” და ინტერview-ც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადიოდა, თუმცა არხის მენეჯმენტმა მათზე უარი თქვა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. აჭარის ტელევიზია აჭარის ა/რ რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებელია.

“რადიო თავისუფლების” დირექტორის, თომას კენტის განცხადებით,  გადაცემების დარუხვაზე გადაწყვეტილებით  “იმედგამაცრუებელია, რადგან ორივე გადაცემამ შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი საზოგადოებრივი დისკურსსა და პოლიტიკურ განვითარებაში.”

მან განაცხადა, რომ კომპანია ეძებს სხვა შესაძლებლობებს და იმედიანადაა განწყობილი, რომ ეს გადაცემები სხვა პლატფორმებზე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი