ამიერკავკასიაში ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელბს:
“აღდგომა ნიშნავს სიცოცხლეს, იმედს, ნიშნავს, რომ სიკვდილი და ცოდვა დამარცხდა. აღდგომა ნიშნავს, რომ ადამიანის გულის სიღრმეში მოკიაფე სურვილი, – და ეს მუდამ სიცოცხლის სურვილია- გაიმარჯვებს და, იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის წყალობით, ჩვენს სიკვდილზეც იზეიმებს გამარჯვებას. ძვირფასო ძმებო და დებო, მაშ, ნუ შეგეშინდებათ და მოიქეცით პეტრეს და იოანეს მსგავსად: სწრაფად გაეშურეთ აკლდამისკენ, სადაც სამუდამოდ უპირებდნენ დასამარებას სიცოცხლის უფალს, სინამდვილეში კი მან სიკვდილი დათრგუნა და მკვდრეთით აღდგა!”–ნათქვამია მილოცვაში.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მისალოცი ტექსტი გაავრცელეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა:
“ძვირფასო მეგობრებო, დღეს, როდესაც მთელი კათოლიკური სამყარო მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, მინდა მივულოცო ეს დღე კათოლიკეთა წინამძღოლს, რომის პაპს ფრანცისკს და ყველა კათოლიკეს. ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკე მრევლს საქართველოში და დიდი მოწიწებით აღვნიშნავ იმ ისტორიულ წვლილს, რომელიც კათოლიკე ქართველებმა ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ზოგადად ჩვენი კულტურის განვითარების მხრივ შეიტანეს. შეუფასებელია კათოლიკე მისიონერთა ღვაწლი ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, რომლებმაც საქართველო გააძლიერეს, როგორც ევროპული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებასა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას”. -ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
გარდა კათოლიკეებისა, პრეზიდენტმა აღდგომა მიულოცა სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს:
“დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ მაცხოვრის აღდგომას ლუთერანული ეკლესიის მრევლს მთელ მსოფლიოსა და საქართველოში, რომელიც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს აღნიშნავს. ლუთერანული ეკლესია და მისი მრევლი მრავალკონფესიური საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც ლოცულობს და იღწვის ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. გილოცავთ ყოველი ქრისტიანისთვის უძვირფასეს დღესასწაულს, გისურვებთ სიხარულსა და წარმატებას.
ჩემო ძვირფასებო, სომხეთის წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. დიდი სიყვარულით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს თანამემამულეებს – საქართველოს სომხურ თემს, ჩვენს მოძმე სომხეთს და სომხურ დიასპორებს მთელ მსოფლიოში. დასაფასებელია ქართველთა და სომეხთა ძმობა, რომელიც გამორჩეულია არა მარტო ქრისტიანულ ცივილიზაციაში, არამედ კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. საქართველოს სომხური თემი ყოველთვის განსაკუთრებული თავდადებით იღწვოდა ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისთვის. მწამს, რომ სწორედ ჩვენი სამშობლოს სიყვარული არის და იქნება ჩვენი ოჯახების ბედნიერების, ჩვენი შვილების წარმატებისა და ძლიერი სახელმწიფოებრიობის ურყევი საფუძველი. სულიერ სიმშვიდეს და სიხარულს გისურვებთ”,– ნათქვამია მისალოც ტექსტში.
ორი მისალოცი ტექსტი გაავრცელაა პრემიერ–მინისტრის პრესამსახურმა. პირველში პრემიერი კათოლიკე ქრისტიანებს ულოცავს აღდგომის დღსასწაულს:
“უფლის ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა უდიდესი სასწაულია და ადამიანების ცოდვისგან დახსნას უკავშირდება. აღდგომა საყოველთაო განახლების, სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის. ვუერთდები ჩვენი კათოლიკე თანამემამულეების სიხარულს, ბედნიერებასა და წინსვლას ვუსურვებ მათ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ”– ნათქვამია მილოცვაში.
ხოლო მეორე მილოცვა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს ეძღვნება:
“დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. ვულოცავ სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და საქართველოში მცხოვრებ ჩვენს სომეხ თანამემამულეებს აღდგომის დღესასწაულს – ზატიკს, ვუერთდები მათ სიხარულს და ვუსურვებ, ბედნიერება და წარმატებები არ მოკლებოდეთ მათ ოჯახებს”.
