“საკითხი შეეხებოდა ჩემი გამგებლობის პერიოდს და კონკრეტულად შეკითხვები დაისვა, თუ რა პროგრამები ხორციელდებოდა თბილისის კორპუსის პროექტის ფარგლეფში. ამაზე გამოძიებას ამომწურავი პასუხი მივეცი. სხვა შეკითხვები არ დასმულა. მე ვფიქრობ ერთ რამეს, რომ ჩემი პერსონით დაინტერესება საგამოძიებო სამსახურების მიერ განსაკუთრებით აქტიური გახდა მას მერე, რაც თბილისის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრი გავხდი და თავისთავად ეს საფუძვლიან ეჭვს აჩენს”– განაცხადა საკრებულოს წევრმა თემურ გრიგალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 მარტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის შვიდი წევრი დაიბარეს.
ამ ფაქტის გამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა საკრებულოს უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ზაალ სამადაშვილის განცხადებით, რაც ბოლო პერიოდში ხდება საკრებულოს უმრავლესობის წევრების მიმართ, ყოველგვარ ზღვარს სცდება, ბრძოლის მეთოდები მრავალგვარია, ე.წ. გასაუბრებიდან დაწყებული, დაკითხვებით დამთავრებული.
“ძალიან მიჭირს აუღელვებლად, აკედემიური ტონით ვისაუბროთ იმაზე, რაც დღეს თბილისის საკრებულოს თავს ხდება. ეს ყველაფერი უკვე სცილდება ყველანაირ ცივილიზებულ, მათ შორის ჩარჩოებს. მე მინდა გითხრათ, რომ ბრძოლის მეთოდები, რომელიც ნახევარი წელია გრძელდება, არის მრავალფეროვანი, დაწყებული ე.წ. გასაუბრებიდან, დამთავრებული დაკითხვებით. მე მივმართე დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლება ხელყოფისაგან’’–განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.
ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს: დავით წერეთელი, შოთა ქურდაძე, ვახტანგ ცაგარეიშვილი, ხვიჩა სანაია, თემურ გრიგალაშვილი, ბესო ბენდელიანი და მამუკა გუგეშაშვილი.
საკრებულოში გუშინ არსებული სხდომის გამო, წევრები დაკითხვაზე დღეს მივიდნენ. აღნიშნულ სხდომაზე 2010 წელს არჩეული საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. 24-მა დეპუტატმა ზაალ სამადაშვილის გადადგომას მხარი არ დაუჭირა. ოპოზიცია სხდომას დაესწრო, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება სხდომის დღის წესრიგში პირველი საკითხი იყო. რეგისტრაცია 38-მა დეპუტატმა გაიარა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობის მხოლოდ 24-მა დეპუტატმა მიიღო. ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.
მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხის დაყენებას უკვე რეგლამენტი კანონმდებლობა კრძალავს.