თბილისის მერობის კანდიდატი ენმ-დან ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელება განახლდება.
“მე ახლა ვდგავარ თბილისის რკინიგზაზე, სადაც ჯერ კიდევ 5 წლის წინ უნდა დაწყებულიყო შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა. აქვე მდებარეობს ჯორჯ ბუშის ქუჩა, რომელიც ყოველ საათში ათასობით ავტომობილს ატარებს და მთელი ეს ნაკადი შემდეგ მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე ჩადის, საბოლოოდ კი პიკის საათებში თბილისი დიდ საცობად იქცევა. მხოლოდ იმიტომ, რომ ამას წინა ხელისუფლების პროექტი არ დარქმეოდა, ამ მთავრობამ უარი თქვა შემოვლითი რკინიგზის და, შესაბამისად, შემოვლითი გზის პროექტზეც. ეს გზა, რომელიც 10-კილომეტრიანი მონაკვეთია, ჯორჯ ბუშის ქუჩას დიდუბის მეტროსთან აერთებდა და ავტომობილების ნაკადის 40%-ს თავის თავზე იღებდა”, – განაცხადა უდუმაშვილმა.
შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება „საქართველოს რკინიგზამ“ 2010 წელს დაიწყო. პროექტში უნდა ჩართულიყო “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” (EBRD), რომელსაც სესხის სახით 100 მილიონი ევრო უნდა გამოეყო. 2011 წელს EBRD ამ პროექტს გამოეთიშა. “საქართველოს რკინიგზის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ 2011 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტის ღირებულება 170 მლნ ევრო იყო. პირველადი საპროექტო ხელშეკრულების თანახმად, 100 მლნ ევრო “საქართველოს რკინიგზას” “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან” სესხის სახით უნდა მიეღო, ხოლო 70 მლნ ევროს თავად კომპანია გამოყოფდა, თუმცა EBRD–ის პროექტიდან გასვლის შემდეგ მისი ღირებულება მთლიანად რკინიგზას უნდა დაეფარა.
შემოვლითი რკინიგზის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ქართულ-ჩინური კონსორციუმი სააქციო საზოგადოება “ხიდმშენი” ახორციელებდა. 2011 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ირაკლი ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კომპანიამ ამ პროექტზე საკუთარი სახსრებიდან 140 მილიონი ლარი დახარჯა.
„საქართველოს რკინიგზამ“ 980 მიწის ნაკვეთი გამოისყიდა, მათ მფლობელების საკომპენსაციოდ კი 22 მილიონ ლარზე მეტი თანხა გასცა.
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება 2013 წლისათვის იგეგმებოდა.
2014 წელს დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ პროექტი განხორციელდებოდა, თუმცა ამ დრომდე დასრულებული არ არის.
რკინიგზის თბილისიდან გადატანის სურვილი თბილისის მერიაში დღესაც დაადასტურეს. IPN-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება ვიცემერმა ირაკლი ლექვინაძემ გააკეთა.
“ჩვენი სურვილია, რკინიგზა გატანილი იქნას თბილისის გარეთ, რადგან თბილისში განვითარებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა იყოს,
”მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა უფრო ეფექტური და ალტერნატიული გზების მოძიება, რადგან ის ძველი ვარიანტი, რომელზეც აპელირებს ჩვენი ოპონენტი პარტია, აბსოლუტურად არაეფექტური და არამომგებიანი იყო. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ტექნიკური, ეკონომიკური კვლევა რამდენიმე სცენართან დაკავშირებით. ამ პროცესს ახორციელებს ”საქართველოს რკინიგზა” და როდესაც მას ექნება ამ კვლევის შედეგები, ბუნებრივია, გაასაჯაროებს.”, – IPN-ის ცნობით, თქვა ლექვინაძემ.
“დღეს რკინიგზა გადის შუაგულ ქალაქში და დასახლებულ პუნქტებში გადააქვს ფეთქებადსაშიში ნივთიერებები”, – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
“მე შევძლებ, რომ თბილისი საცობებისაგან გავათავისუფლო”, – აცხადებს მერობის კანდიდატი ენმ-დან.