ახალი ამბები

სეს: სუნელებში ტყვიის შემცველობაზე 2017 წლის შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი

4 ივლისი, 2017 • 2508
სეს: სუნელებში ტყვიის შემცველობაზე 2017 წლის შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ადგილობრივ ბაზარზე მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა სურსათში ტყვიის შემცვლელობასთან დაკავშირებით მონიტორინგი. 2017 წლის მონიტორინგის შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი:

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი ტყვიის შემცველობაზე სხვადასხვა სურსათში, მათ შორის, სუნელებში. არსებული მონაცემებით, მასშტაბური დარღვევები არ აღინიშნება და ქართული სუნელები შეზღუდვის გარეშე გადის 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში,“ – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის კომენტარს სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობითვე, სუნელებში ტყვიის შემცველობის შემოწმების მიზნით 2015-2016 წლებში  აღებულია 38 ნიმუში, საიდანაც ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატებოდა 1 შემთხვევაში. 2017  წელს სააგენტომ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული  სხვადასხვა ობიექტიდან უკვე აიღო 60-მდე ნიმუში, რომლებიც გაგზავნილია კვლევისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და დეტალური ინფორმაცია შედეგების შესახებ მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.

On.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017 წელსაც, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა საქართველოში ნაყიდ ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში.

“დიახ, ჩვენ ვაგრძელებთ ნიუ-იორკში ტყვიით მოწამვლის შემთხვევების იდენტიფიცირებას, რაც დაკავშირებულია საქართველოში ნაყიდი, ან საქართველოდან გამოგზავნილი სუნელების მოხმარებასთან. ჩვენ, ზოგადად, რეკომენდაციას ვაძლევთ ადამიანებს, რომ სუნელები შეიძინონ ნიუ-იორკის ადგილობრივ მაღაზიებში. ჩვენი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან გამოგზავნილ სუნელებში უფრო მეტად არის ტყვიის მაღალი შემცველობა, ვიდრე აშშ-ის მაღაზიებში ნაყიდ სუნელებში”.- ეს პასუხი მიიღეს On.ge-ს ცნობით ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი