ახალი ამბები

საქართველოსთვის აშშ–სთან შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის შეჩერების საკითხი გადაიდო

29 მარტი, 2013 • • 1085
საქართველოსთვის აშშ–სთან შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის შეჩერების საკითხი გადაიდო

საქართველოსთვის GSP (GSP-ის მეშვეობით შესაძლებელია აშშ-ის ბაზარზე 3400 დასახელების პროდუქციის ნულოვანი ან შეღავათიანი ტარიფებით შეტანა) შეჩერების შესახებ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობას აშშ–ის პროფკავშირებმა პეტიციით მიმართა. პეტიციის მომზადების მიზეზი საქართველოში დღემდე მოქმედი შრომის კანონმდებლობა გახდა, რომელიც, პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

ამერიკის პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, თუ საქართველოს შრომის კოდექსის საერთაშორისო კანონმდებლობასთან დაახლოება არ მოხდება, საქართველო აშშ–სთან GSP სისტემით დაწესებული სავაჭრო შეღავათებით ვეღარ ისარგებლებს. სავაჭრო შეღავათები გულისხმობს აშშ–ის ბაზარზე საქართველოდან 3 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის შეღავათიან რეჟიმში შესვლას. საქართველოს ეს რეჟიმი აშშ–სთან ცალმხრივად 2001 წლიდან აქვს ამოქმედებული.   

აშშ–ის სავაჭრო წარმომადგენლობაში GSP-სთან დაკავშირებული პეტიციის განხილვას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ალექსანდრე ბარამიძე ესწრებოდა. საკითხის განხილვა 18 აპრილამდე გადიდო. 

შემდეგ შეხვედრაზე საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში გაუქმდება საქართველოსათვის  2001 წელს დაწესებული შეღავათები, რომლებიც ამერიკულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შემცირებული ან ნულოვანი ტარიფით შეტანას ითვალისწინებს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ საკითხი ქვეყნისათვის დადებითად გადაწყდება და საქართველო სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით მოსარგებლე ქვეყნის სტატუსს შეინარჩუნებს. ოპტიმიზმის საფუძველს ალექსანდრე ბარამიძეს შრომის ახალი კოდექსი აძლევს:

„ჩვენი არგუმენტი არის ის ცვლილებები შრომის კოდექსში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და მთავრობამ ინიციატივის სახით წარუდგინა პარლამენტს. ეს არის ძალიან კარგი წინაპირობა იმისათვის, რომ საქართველომ არა მარტო შეინარჩუნოს  სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით მოსარგებლე ქვეყნის სტატუსი, არამედ დაიწყოს ახალი ეტაპი აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით”. 

საქართველო სარგებლობს GSP სისტემით აშშ-სთან, კანადასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან და იაპონიასთან. 2005 წლის ივლისში საქართველო გახდა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი იმ 15 ქვეყანათაგან, რომელიც სარგებლობს GSP-ის ახალი სქემის (EU GSP+) ბენეფიციებით. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოდან ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

“GSP+”-ის ბენეფიციარის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველო სარგებლობს უფლებით ევროკავშირში უბაჟოდ შეიტანოს 7200 სახეობის პროდუქცია. საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასთან, რუსეთთან, მოლდოვასთან, თურქმენეთთან, უზბეკეთთან, ყაზახეთთან, ბელორუსთან, ტაჯიკეთთან და ყირგიზეთთან.

საქართველოდან აშშ–ი 2013 წლის იანვარში 33 280 100 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, თებერვალში – 9 485 400 აშშ დოლარის. აშშ–დან საქართველოში იმპორტის მაჩვენებელი 2013 წლის იანვარში 15 271 700 აშშ დოლარი იყო, ხოლო თებერვალში -14 582 100 აშშ დოლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი