“შსს-ს გენერალური ინსპექცია ქალაქ ბათუმში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერი თელიას შორის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შიდა მოკვლევას იწყებს.
ამ დროისათვის დადგენილია, რომ „მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლის როინ ფარტენაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას. შემთხვევა ბათუმში 28 მარტს, 11 საათსა და 40 წუთზე, გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩების კვეთაზე მოხდა, როდესაც მძღოლი არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს – „დაუთმე გზა” და „ტოიოტას” მარკის ავტომანქანას , რომელსაც ვალერი თელია მართავდა, ავარიული სიტუაცია შეუქმნა.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ორივე ავტომანქანის მძღოლი შემოწმდა ალკოტესტის მეშვეობით. ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ „მერსედესის” მძღოლი როინ ფარტენაძე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რის საფუძველზეც შედგა შესაბამისი საჯარიმო ოქმი. მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ნაწილითა (მანევრირების წესების დარღვევა, რასაც საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა) და 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ( საჭის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის დროს) თანახმად დაჯარიმდა.
შსს ამ ფაქტზე მოკლევის დასრულების შემდეგ საზოგადოებას შემთხვევის შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდის.”
საია-ს აჭარის ფილიალის წარმომადგენლების განცხადებით, დღეს ბათუმში აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.