ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად “კასტელ ჯორჯიას” ყოფილი გენერალური დირექტორი დაინიშნა

3 ივლისი, 2017 • 2250
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად “კასტელ ჯორჯიას” ყოფილი გენერალური დირექტორი დაინიშნა

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი, “კასტელ ჯორჯიას” ყოფილი გენერალური დირექტორი დაინიშნა.

მთავრობის ცნობით, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი,  მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში, დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტები.

მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად შეუდგება დღეიდან, 3 ივლისიდან.

ლევან ზაუტაშვილი 2016 წელს მმართველი პარტიის შემწირველი იყო. მან 12 ივლისს ქართულ ოცნებას 35 000 ლარი შესწირა. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგადაც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო.

“კასტელ ჯორჯია” 2013 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელია. “კასტელ ჯორჯიას” მფლობელი 2013 წელს სოფიკო ჭყონია იყო, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, შალვა გიგაიაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლევან ზაუტაშვილი კომპანიის გენერალურ დირექტორად 2017 წლის 25 აპრილიდან აღარ ფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი