ახალი ამბები

მთავრობა: მეანაბრეებისთვის ზარალის ანაზღაურება საფინანსო კომპანია “საქართველოს” მოვალეობაა

30 ივნისი, 2017 • 2071
მთავრობა: მეანაბრეებისთვის ზარალის ანაზღაურება საფინანსო კომპანია “საქართველოს” მოვალეობაა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ეხმაურება საფინანსო კომპანია “საქართველოს” დაზარალებული მეანაბრეების საპროტესტო აქციას.

30 მაისს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. რამდენიმე თვეა, დაზარალებულები სხვადასხვა ადგილას მართავენ აქციებს და მოითხოვენ საფინანსო კომპანიის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

2016 წლის დეკემბერში 2 648 მეანაბრის თანხების მითვისების ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “საფინანსო კომპანია საქართველოს” დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავა.

მეანაბრეები თავიანთი თანხების ანაზღაურებას ითხოვენ, მთავრობა კი აცხადებს, რომ ზარალის ანაზღაურება კერძო კომპანიის მოვალეობაა.

“სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნის ადრესატი სახელმწიფო ვერ იქნება, ვინაიდან საუბარია კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობაზე და ზარალის ანაზღაურებაც კერძო კომპანიის მოვალეობაა.

გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეები არაერთხელ გააფრთხილა შესაძლო რისკების შესახებ და მოუწოდა მათ, მეტი სიფრთხილით მოკიდებოდნენ ეროვნული ბანკის მიერ არარეგულირებად ინსტიტუტებში საკუთარი სახსრების განთავსებას, ხოლო რისკის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ მოეძიებინათ ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების საქმიანობისა და გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ მათი კომპეტენციის ფარგლებში. გვსურს, მოვუწოდოთ დაზარალებულ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებისგან და დაელოდონ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დასრულებას,”- აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი