ნეტგაზეთი | შსს: მამონტოვის მიმართ ოკუპაციის კანონის ხანდაზმულობის ვადა გასულია შსს: მამონტოვის მიმართ ოკუპაციის კანონის ხანდაზმულობის ვადა გასულია – Netgazeti

შსს: მამონტოვის მიმართ ოკუპაციის კანონის ხანდაზმულობის ვადა გასულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “ლაპარაკობს მოსკოვის” მთავარი რედაქტორის მიმართ ოკუპაციის შესახებ კანონის მიხედვით გამოძიება ვერ დაიწყებოდა, რადგან აღნიშნულ დანაშაულზე ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა გასულია.

“ჩვენთვის არ არის ცნობილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მამონტოვის 2009 წლის შემდეგ შესვლის თაობაზე”, – მოწერეს ნეტგაზეთს შსს-დან.

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ მამონტოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, საქართველოში ჩამოვიდა. რ2-ის ინფორმაციით, “რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ლაპარაკობს მოსკოვის“ მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვი თბილისში მედიაკონფერენციას ესწრება, სადაც ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ მსჯელობენ”.

“რაც შეეხება ოკუპაციის შესახებ კანონს, აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს პირის საზღვრიდან გაბრუნებას. ამ კანონის შესაბამისად, თუ პირს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, დაუყვონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და პირი მიეცეს პასუხისგებაში. სასჯელის სახეს მოსამართლე თავად განსაზღვრავს (ჯარიმა ან პატიმრობა). როგორც გადავამოწმეთ, ვლადიმერ მამონტოვი 2009 წელს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო საზღვრიდან არ გაუბრუნებიათ. ამ კანონის შესაბამისად, მის მიმართ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც მაშინ არ მომხდარა. ამას გარდა, მამონტოვს პასპორტში არ ჰქონდა შესაბამისი შტამპი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო ნამყოფი. შესაბამისად მესაზღვრეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოეშვა”, – აცხადებენ შსს-ში.

Civil.ge-ს არქივის მიხედვით კი, 2009 წლის 2 სექტემბერს ორ რუს ჟურნალისტს და მათ შორის მამონტოვს, სწორედ აეროპორტიდან  მოუხდათ მოსკოვში გაბრუნება, რადგანაც მათ საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს.

“გაზეთ ”იზვესტიის” მთავარი რედაქტორი ვლადიმირ მამონტოვი და რუსეთის პირველი არხის თოქშოუს წამყვანი მაქსიმ შევჩენკო იმ დელეგაციის წევრები იყვნენ, რომელიც თბილისში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დაგეგმილ დისკუსიებში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა.

საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, ორი ჟურნალისტის შემოშვებაზე უარის თქმის მოტივი გახდა მათი უკანონო ჩასვლა სეპარატისტულ აფხაზეთში. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კრძალავს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლას რუსეთის ტერიტორიიდან.

დელეგაციის მესამე წევრი იყო ალან კასაევი, საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” რედაქტორი; მას დართეს საქართველოში შემოსვლის ნება”, – წერდა Civil.ge 2009 წელს.

ვლადიმირ მამონტოვი საქართველოში 2015 წელსაც იმყოფებოდა.

“მე უკვე მეორედ შემიშვეს საქართველოში. თუმცა ახლა რატომღაც გაიხსენეს [2009 წლის მოვლენები] და მეკითხებიან [ჟურნალისტები]. მე ვეუბნები, ეს თქვენებს ჰკითხეთ-მეთქი”, – დაწერა მამონტოვმა გუშინ, 29 ივნისს, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ. მას ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰკითხა, შეუშვეს თუ არა ქვეყანაში 2009 წლის ინციდენტიდან გამომდინარე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com