შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ შემოუშვეს საქართველოში რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ მალკევიჩი, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი.
„ნეტგაზეთი“ ორი დღეა, ცდილობს შსს-სგან პასუხის მიღებას, თუმცა, უშედეგოდ.
„ჩვენ გვეხმარება, ზემოთ გვყავს ახლა და მაგვიანდება, უნდა ავიდე… ჩვენ ხომ ჩელიაბინსკში ვართ, ასე ამბობთ და ჩელიაბინსკში რუსი შესულიყო, რა პრობლემაა?!“ — ირონიით უპასუხა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ან მალკევიჩსს არ აქვს დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ან „ბაზებში“ შესაბამისი ინფორმაცია არ იყო.
„დარწმუნებული ვარ, ან არა აქვს დარღვეული, ან შესაბამისი მონაცემები არ არსებობს. გავარკვევ, თუ ბაზებში იყო ასეთი მონაცემი და მართლაც დარღვეული აქვს, წარმოუდგენელია შემოსულიყო, რაღაცა სხვა რამეშია საქმე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში… ახლაც ტყუილი მგონია, მაგრამ შეიძლება არ არის ტყუილი, რაღაცა შეცდომა მოხდა“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ტელეარხ „სანქტ-პეტერბურგის“ დირექტორი და რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ალექსანდრ მალკევიჩი ცხინვალში 2023 წელს იმყოფებოდა და დე ფაქტო პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალულია და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (პრიმა) მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
შესაბამისად, ან 2023 წელს მალკევიჩს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვა ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასასვლელად, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ან საქართველოს კანონი დაარღვია. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მოქალაქეებს შიდა პასპორტითაც შეუძლიათ შესვლა და შესაძლოა, საერთაშორისო პასპორტში სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის კვეთის შტამპი არ ჰქონოდა ჩარტყმული. თუმცა მალკევიჩის ცხინვალში ყოფნის კადრები და გაგლოევთან გადაღებული ფოტოები ხელმისაწვდომია ღია წყაროებში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების დროს, რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ მალკევიჩი იყო ჩამოსული, თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ გაავრცელა.
საქართველოში ყოფნის ფოტო-ვიდეომასალა მრავლადაა მალკევიჩის „ტელეგრამ“ არხზე. ცესკოში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ მალკევიჩს ჰქონდა არჩევნების გაშუქების მედიააკრედიტაცია, რომლის შევსება ცესკოს ვებ-გვერდზე ონლაინ არის შესაძლებელი. ცესკოში ამბობენ, რომ ჟურნალისტების განაცხადებს მხოლოდ საარჩევნო კანონთან თავსებადობის კუთხით ამოწმებენ.
საყურადღებოა, რომ მალკევიჩი საპარლამენტო არჩევნებს აშუქებს მოსკოვის და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივების ჭრილში და ამბობს, რომ საქართველოს არჩევანი იდგა ომსა და მშვიდობას შორის. არჩევნებზე საუბრისას მან თქვა, „რომ ქართველებს სურთ რუსეთთან თანამშრომლობა, ვინაიდან ესმით, რომ ეს შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“. მალკევიჩის შეფასებითვე, „ქართული ოცნება“ არა პრორუსული, არამედ „ეროვნული სუვერენიტეტის“ პარტიაა.
„და მაინც, რა სურს ქართველ ერს? „ქართული ოცნების“ მიტინგზე, სადაც ჩემი გამომწერიც შემხვდა, ერთმა კაცმა მითხრა: „თქვენ აქ სად ხედავთ ევროკავშირის თუნდაც ერთ დროშას? არადა, 230 ათასი ადამიანი ვართ“. დარჩა კითხვები?“ — წერს მალკევიჩი.
გარდა იმისა, რომ ალექსანდრ მალკევიჩის დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ის სანქცირებულია აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ. მალკევიჩს შეეხო უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, ამერიკულ სანქციებში კი ის უფრო ადრე მოხვდა დეზინფორმაციული საქმიანობისთვის, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობებს წარმოადგენდა.
„ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული მედიის ბოსი ჩართული იყო აფრიკიდან აშშ-მდე რუსული გავლენის გავრცელების პროექტებში და დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“, – წერს BBC მალკევიჩის შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების ჯილდოს პროგრამის თანახმად, ალექსანდრე მალკევიჩის ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მიერ აშშ-ში არჩევნებში ჩარევაზე ინფორმაციის მიწოდებისთვის დაწესებული იყო ჯილდო 10 მილიონი დოლარის ოდენობით.