სხვისი პულტის გამოყენების გამო პარლამენტში კენჭისყრის პროცედურა გადაიდო

პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტების კენჭისყრისას “ევროპული საქართველოს” წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ სხდომათა დარბაზში დეპუტატების საკმარისი რაოდენობა არ არსებობს, რის გამოც კენჭისყრის პროცედურა შეჩერდა, მოგვიანებით კი – შეწყდა.

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა არაერთ კანონპროექტს დაუჭირა მხარი. ერთ-ერთი მათგანის კენჭისყრისას ხათუნა გოგორიშილმა განაცხადა, რომ  კვორუმისთვის საჭირო 76 დეპუტატის ნაცვლად დარბაზში 72 დეპუტატია:

“საარჩევნო კოდექსს ხმა მისცეს ისეთმა დეპუტატებმა, რომლემიც არ იმყოფებოდნენ სხდომათა დარბაზში.  კახა ოქრიშვილი, ზაზა პაპუაშული, ოთარ ჩრდილელი, ვიქტორ ჯაფარიძე – სხდომათა დარბაზში არ არიან,” – განაცხადა გოგორიშილმა.

სხდომის წამყვანის, გია ვოლსკის თქმით, დეპუტატები მას შემდეგ გავიდნენ  დარბაზიდან, რაც ორგანული კანონები მაღალი კვორუმით მიიღეს:

“მიღებულ კანონებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. დეპუტატები იყვენენი იმ მომენტში, როდესაც  ეს კანონპროექტები მივიღეთ. ალბათ,  დარწმუნდმენ , რომ დარბაზში სხვა დეპუტატების რაოდენობა საკმარისი იყო და  დროებით დატოვეს დარბაზი,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის გადაწყვეტილებით, სხდომაზე ხელახალი  რეგისტრაცია გამოცხადდა. რეგისტრაცია 76-მა დეპუტატმა გაიარა, თუმცა ხათუნა გოგორიშვილის მოთხოვნით, მანდატურებმა დეპუტატები დაითვალეს. დეპუტატებს ითვლიდნენ “ევროპული საქართველოს” წევრებიც.

დათვლის შედეგად გაირკვა, რომ სხდომის ჩასატარებლად საჭირო 76 დეპუტატი დარბაზში არ იყო და სხდომა შეწყდა.

“დამატებითი რეგისტრაციის ჩატარების აზრი არ აქვს. ჩემი  დიდი ეჭვის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი დეპუტატი არ იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში. დეპუტატების დიდი რაოდენობა იმას  არ ნიშნავს, რომ თავს უფლება უნდა მისცე და დატოვო სხდომათა დარბაზი,” – განაცხადა ვოლსკიმ.

დარჩენილ კანონპროექტებს დეპუტატები კენჭს ხვალ, 30 ივნისს უყრიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.