ფეისბუკსა თუ სხვადასხვა ვებპორტალზე ონლაინ-გამოკითხვები მომრავლდა, რომლებიც თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგებს ზომავს, თუმცა მათი შედეგები მეცნიერულად და სტატისტიკურად დიდად საინტერესო არ არის, ამბობენ სოციოლოგები.
თბილისის მერობის ყველა კანდიდატი ჯერ ცნობილი არ არის, უცნობია რომელიმე რეპრეზენტატული კვლევის შედეგებიც, თუმცა ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელ ფეისბუკზე, ასევე სხვადასხვა პორტალზე არაერთი გამოკითხვა ტარდება უკვე დასახელებული თუ სავარაუდო კანდიდატებიდან რეიტინგების ლიდერების გამოსავლენად. გამოკითხვებში ხან ერთი კანდიდატი იგებს, ხან – მეორე, მაგრამ იმ სოციოლოგების აზრით, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამ გამოკითხვის შედეგებს მეცნიერულად, სტატისტიკურად დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
“ამას არანაირი კავშირი არ აქვს სტატისტიკასა და მეცნიერებასთან. ეს არ არის წარმომადგენლობითი კვლევა. ამომრჩეველი არც შემთხვევით არის შერჩეული და ვერაფრით ვიტყვით, რომ ის ხალხი, ვინც საიტებზე შედის და ხმას აძლევს რომელიმე კანდიდატს, მთლიანობაში ამომრჩევლების საერთო მოსაზრებებს გამოხატავს”, – ამბობს ნეტგაზეთთან კობა თურმანიძე, CRRC-ის ხელმძღვანელი.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილიც აცხადებს, რომ ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში გამოვლენილი რეიტინგი რეალურ სურათს ძალიან დისტანციურად ეხმიანება და რაიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.
კაჭკაჭიშვილი გვიხსნის, რომ ობიექტური სურათის მისაღებად საჭიროა ბევრი კომპონენტისაგან შემდგარი კვლევა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება გამოსაკითხ პირთა შერჩევის მეთოდოლოგია და სხვა. მისი თქმით, თუ თბილისის მერის არჩევნებზეა საუბარი, შერჩევაში მნიშვნელობა ენიჭება დედაქალაქის რაიონების პროპორციულ წარმომადგენლობას და სხვა. კაჭკაჭიშვილის განმარტებით, ასევე ძალიან მნიშნელოვანია, რომ გამოკითხულები შემთხვევით შეირჩნენ და არა თავისი ინიციატივით შევიდნენ კონკრეტულ ვებგვერდებზე.
“ის ადამიანი, რომელიც გამოკითხულია ონლაინ-მედიის ფარგლებში, ტიპური ამომრჩევლის სახე არ არის. ის ტენდენციური ამომრჩეველია”, – ამბობს კაჭკაჭიშვილი.
კობა თურმანიძეცა და იაგო კაჭკაჭიშვილიც თანხმდებიან იმის თაობაზე, რომ ინტერნეტში ჩატარებული ამ ტიპის კვლევის მონაცემების განზოგადება არ შეიძლება, რადგან საუბარია თბილისის მერის არჩევნებზე, ასეთ გამოკითხვაში კი მონაწილეობა შესაძლოა იმ ადამიანებმაც მიიღონ, რომლებიც ხმას სხვა საარჩევნო ოლქში აძლევენ, ან არასრულწლოვნები არიან და ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, ასევე, საზღვაგარეთ მყოფმა პირებმაც.
“რასაკვირველია, ონლაინ-გამოკითხვები შეიძლება ჩატარდეს, მათ შორის სოციალურ მედიაშიც, მაგრამ იქაც არის გარკვეული სტანდარტები, რომლებიც უნდა დაიცვა: რამდენი ადამიანი უნდა გამოკითხო იმისთვის, რომ მონაცემების განზოგადების შესაძლებლობა გქონდეს და ა.შ. მაგრამ სტანდარტების დაცვით ჩატარებული გამოკითხვის შემთხვევაშიც კი, დასკვნას მხოლოდ ონლაინ-მომხმარებლებზე გააკეთებ. მისთვის, ვინც მერობისთვის იბრძვის, მხოლოდ ონლაინ-მომხარებლებში რეიტინგი რა ბედენაა?” – ამბობს კაჭკაჭიშვილი.
ონლაინ-გამოკითხვებსა და იქ დაფიქსირებულ შედეგებს, როგორც ჩანს, მნიშვნელობას თავად პოლიტიკური ძალებიც ანიჭებენ.
“ყველა ინტერაქტივი… ჯერ გამოცხადებულიც კი არ იყო ზაალის სახელი ოფიციალურად და ყველა ინტერნეტ – გამოკითხვაში უპირობოდ იგებს უდუმაშვილი, მათ შორის- ქართული ოცნების საიტებზეც. ეს არის ზაალის ეფექტი და ხალხის მიერ დანახული ჩვენი გულწრფელი პოზიცია”, – ეს კომენტარი ნეტგაზეთთან საუბარში ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გააკეთა ზაალ უდუმაშვილის მერობის კანდიდატად წარდგენის დღეს.
ენმ-ის წევრმა ეკა ხერხეულიძემ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია და ფოტომასალა, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები სპეციალურად შეიკრიბნენ, რათა ტვ პირველის მიერ ორგანიზებულ ფეისბუკ-გამოკითხვაში კახა კალაძისთვის მიეცათ ხმა. სწორედ კალაძე იქნება “ქართული ოცნების” კანდიდატი თბილისის მერობის პოსტზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამგეობაში მსგავსი შეკრება არ შემდგარა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კი ლაივპრესს უთხრა, რომ შეხვედრა “ოცნების” ზუგდიდის ოფისში გაიმართა, თუმცა არა ინტერაქტივისთვის.
“მაიზერ ნანავას მტკიცებით, შეკრებაზე არა ინტერაქტივზე, არამედ საარჩევნო საკითხებზე მსჯელობდნენ. მისივე ცნობით, შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგეობის 218 თანამშრომლიდან მხოლოდ პარტიის 39 აქტივი ესწრებოდა”, – იუწყება ლაივპრესი.
რატომ ანიჭებენ პოლიტიკური ძალები მნიშვნელობას იმ გამოკითხვის შედეგებს, რომელთაც დიდი სოციოლოგიური დატვირთვა არ გააჩნია?
კობა თურმანიძე, რომელიც საქართველოში საარჩევნო რეიტინგებს წლებია აკვირდება, ამბობს, რომ ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ანუ მას, ვისაც კონკრეტული არჩევნების წინ მკვეთრად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პრეფერენციები არ აქვს, მოსწონს ხმის ისეთი კანდიდატისთვის მიცემა, ვისაც მისი აზრით მოგების შანსი აქვს.
“საარჩევნო კვლევებში ასეთი დასკვნა ხშირია: როცა ამომრჩეველს მკაფიოდ არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური პრეფერნეციები, ან მისთვის სულერთია, ვის მისცემს ხმას, [თუ არჩევნებზე წავა, ურჩევნია] იმას დაუჭიროს მხარი, ვისაც მოგების მეტი შანსი აქვს, რაღაც ინფორმაციაზე დაყრდნობით. შეიძლება ესეც გამოდგეს ასეთ ინფორმაციად, თუ უკეთესზე არაფერზე მიუწვდება ხელი”, – ამბობს თურმანიძე.
იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, ინფორმაციის გავრცელება იმის თაობაზე, რომ ონლაინ-გამოკითხვებში ესა თუ ის კანდიდატი ლიდერობს, საზოგადოებრივ აზრის ფორმირებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან მასზე მხოლოდ სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებს მიუწვდებათ ხელი.