ნეტგაზეთი | კიბერშეტების საფრთხის გამო პარლამენტის იმეილები 24 საათით იყო შეზღუდული კიბერშეტების საფრთხის გამო პარლამენტის იმეილები 24 საათით იყო შეზღუდული – Netgazeti
RU | GE  

კიბერშეტების საფრთხის გამო პარლამენტის იმეილები 24 საათით იყო შეზღუდული

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისა და დეპუტატების სამსახურეობრივი იმეილები 24 საათის განმავლობაში შეზღუდული იყო. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარლამენტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა.

გახშირებული კიბერ-თავდასხმების გამო, პრევენციისთვის პარლამენტის იმეილებზე გარედან შემომავალი წერილების მიღება შეიზღუდა. დეპუტატებსა და აპარატებს შეზღუდვების გარეშე შეეძლოთ ერთმანეთთან მიმოწერა, ასევე, სხვა იმეილებზე წერილების გაგზავნა. შეზღუდვა მხოლოდ გარედან  შემომავალ წერილებს შეეხო, რადგან სწორედ იმეილებით ვრცელდება ვირუსი.

“გაცნობებთ, რომ ბოლო დღეებში კატასტროფულად იმატა ე.წ. Phishing “სატყუარა” მეილების რიცხვმა. მძიმე მდგომარეობაა რამდენიმე ქვეყანაში, რადგან გაჩერდა ინფორმაციული სისტემები. ვირუსები ვრცელდება ელექტრონული წერილებით და ჩამოტვირთვებით სხვადასხვა საიტებიდან. შემდეგ ვირუსი შიდა ქსელის საშუალებით ვრცელდება მომხმარებლების კომპიუტერებზე და შესაძლოა მოხდეს ინფორმაციის სრული დაკარგვა. პარლამენტის აპარატი, უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე, ვალდებულია გათიშოს გარე წერილების სისტემა (შიდა სისტემა იმუშავებს), სანამ არ მოინახება პრობლემის გადაწყვეტის საშუალება. უმორჩილესად გთხოვთ, საეჭვო წერილები წაშალოთ მიღებისთანავე.

1. დააკვირდით გამომგზავნის სახელს და ელექტრონული ფოსტის მისამართს. 2. დააკვირდით, სწორია თუ არა თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. 3. დააკვირდით მიბმული ფაილის (attachment) სახელს. არ გახსნათ საეჭვო წერილში მითითებული არც ერთი ლინკი (ბმული), რა შინაარსისაც არ უნდა იყოს ის. ლინკზე დაჭერით შესაძლოა გადახვიდეთ სახიფათო ვებგვერდზე. არ გახსნათ საეჭვო წერილში თანდართული ფაილი (attachment) word (doc,docx) excel (xls), pdf და ა.შ. , რადგან შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამას, რომელიც გახსნისთანავე გაეშვება. კონსულტაციისა და დახმარებისთვის დაუკავშირდით ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 228-17-06, 228-17-05, 228-13-43. პატივისცემით, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი,” – ასეთი შეტყობინება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა პარლამენტარებსა და აპარატის თანამშრომლებს გუშინ გაუგზავნა. დღეს დილით მათ მეორე შეტყობინება მიიღეს, სადაც წერია, რომ შეზღუდვები მოიხსნა.

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განმარტებით, პარლამენტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება პოლიციაში არ შესულა.

“თუმცა ასე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ სპეციალისტები დაუკავშირდნენ პარლამენტის შესაბამის სამსახურს. ამჟამად ვითარებაში ვერკვევით და ამის შემდეგ გადაწყდება, სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყება თუ არა. ვარკვევთ, რასთან გვაქვს საქმე. გამოძიება ამ ეტაპისთვის დაწყებულ არ არის. შეტყობინება შემოსული არ ყოფილა. თუმცა ჩვენ ინიციატივით ვარკვევთ.”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო კილაძის თქმით,  ვირუსების თემა მთელ მსოფლიოში პრობლემა არის და შესაბამისი ორგანოები მიხედავენ ამას.

“პარლამენტის მუშაობა არ ფერხდება, რადგან სხვადასხვა იმეილებით ვსარგებლობთ. ხალხის ინტერესს ზიანი არ ადგება, შეუფერხებლად ვაგრძელებთ მუშაობას. დეტალურად ვერაფერს გეტყვით, რადგან ძირითად სამუშაო ვარიანტად “ჯიმეილს” ვიყენებ.”

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიგი წერეთლის თქმით, უსაფრთხოების შესაბამის სამსახურებს თავდაცვის მექანიზმები უნდა ჰქონდეთ.

“კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა და საქართველო ვერ აცდება ამ ამბავს. ხდება ასეთი რამ, მაგრამ მომზადებული უნდა იყო. შესაბამის სამსახურებს სერიოზულად მომზადებული უნდა ჰქონდეთ ინფრაქსტრუქტურაც, თავდაცვის მექანიზმებიც,” – ამბობს წერეთელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.