“ჩვენ, EMC-ის წევრები ვფიქრობთ, რომ გოგიტა აბაშიძის გარდაცვალება არის მთავრობისა და თითოეული სამოქალაქო საზოგადოების წევრის პასუხისმგებლობა. ეს ტრაგედია კარგად აჩვენებს იმ გულგრილობას და პრობლემის არდანახვას, რომლითაც ყოველდღიურად მივდივართ კატასტროფულ შედეგებამდე. EMC ფიქრობს, რომ მთავრობამ ყველა ზომას უნდა მიმართოს, რათა არ დადგეს ადამიანების შიმშილობით სიკვდილის შემთხვევა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვიხდით გადასახადებს, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს ღატაკების, სოც. დაუცველების, უსახლკაროების უზრუნველყოფა. EMC ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო სახსრების რაციონალური გადანაწილება უნდა მოხდეს და პირველ რიგში მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! EMC იმედოვნებს, რომ დღევანდელი ტრაგედია გამოაფხიზლებს როგორც მთავრობას, ასევე საზოგადოებას, რომელიც მომავალში შეძლებს ყურადღება მიაქციოს დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს!”– ნათვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში 23 მარტს, გვიან ღამით, 2 საათსა და 5 წუთზე ერთი წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” რესპუბლიკურ ცენტრში დაუდასტურეს.
“ბავშვს იმხელა დეფიციტი ჰქონდა მასის, რომ 45%-ზე მეტი მასის დეფიციტი სიცოცხლესთან შეუთავსებელია. 4 კილო და 200 გრამი დაიბადა ბავშვი და ერთი წლის შემდეგ იგივე წონა ჰქონდა, უნდა ყოფილიყო 12 კილო. მასის დეფიციტის ფონზე განვითარდა ფილტვების ანთება, სისხლნაკლულობა, მიკროელემენტების, ცილების უკმარისობა და ინფექციამ უკვე თავისი ცუდი საქმე გააკეთა”– განუცხადა “ნეტგაზეთს” ექიმმა არჩილ შერვაშიძემ.
ინფორმაცია ერთი წლის გოგიტა აბაშიძის მძიმე მდგომარეობის შესახებ 21 მარტს გავრცელდა. ერთი წლის ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ხუთსულიან ოჯახს მატერიალურად უჭირს, თუმცა სოციალურად დაუველთა კატეგორიაში ვერ მოხვდნენ.
გოგიტა აბაშიძე ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
