ახალი ამბები

“გამოძიებით უკმაყოფილონი ვართ” – მუხთარლის ცოლი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

27 ივნისი, 2017 • 2303
“გამოძიებით უკმაყოფილონი ვართ” – მუხთარლის ცოლი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გატაცებული აზერბაიჯანელი აქტვისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლს, ლეილა მუსტაფაევას ხვდება. მუსტაფაევას განცხადებით, ის გეგმავს, რომ პრეზიდენტს პირადად მადლობა გადაუხადოს მის მიერ დაფიქსირებული პოზიციისთვის. მუსტაფაევა ამბობს, რომ საქართველოს მუხთარლის საქმის გამოძიება არ სურს, რადგან მასში სახელმწიფო პირები არიან ჩართული:

“პირველ რიგში, მინდოდა შევხვედროდი პრეზიდენტს და პირადად გადამეხადა მადლობა იმ პოზიციისთვის, რომელიც მას ჰქონდა, როდესაც აფგან მუხთარლი გაიტაცეს. მაგალითად, პრემიერ-მინისტრი და სხვა სახელმწიფო პირები იმეორებდნენ იმავეს, რასაც აზერბაიჯანელი პირები. პრეზიდენტ მარგველაშვილს კი ჰქონდა სხვა პოზიცია. ჩემი შესაფასებელი არ არის მისი საქცილი, მაგრამ ის მოიქცა როგორც ნამდვილი პრეზიდენტი, სხვა სახელმწიფო პირებთან შედარებით,” – აცხადებს მუსტაფაევა.

ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, ამ დრომდე სიახლე არ არის საქმის გამოძიებაში, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო გატაცების გამოძიებით არ არის დაინტერესებული.

“რაც შეეხება გამოძიებას, სამწუხაროდ, არაფერია ახალი ქართული პოლიციის მხრიდან. მათ არაფერი წარმოუდგენიათ, გარდა რამდენიმე ვიდეოსი და ჩვენებებისა, რომლებიც არაფერს ამბობს. ჩვენ გამოძიებით უკმაყოფილონი ვართ. ერთი თვე უკვე გავიდა და სერიოზული შედეგი არ დამდგარა. მათ არ უპოვიათ ის 4 ადამიანი, რომლებმაც გაიტაცეს, ისევე, როგორც არ უპოვიათ ის ადამიანი, ვინც მოითხოვა მუხთარლის გატაცება. ეს ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ თავს მალავენ. ეს რომ ყოფილიყო პატარა კრიმინალური დაჯგუფება, იმავე დღეს მათ აუცილებლად დააკავებდნენ. სახელმწიფო პირები არიან ჩართული აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში. ამიტომ არ სურთ მათ ამ საქმის გამოძიება.”

მუსტაფაევას თქმით, ის სთხოვს პრეზიდენტს, გამოიყენოს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ შეავიწროოს მთავრობა და საქართველოს დღის წესრიგში აფგან მუხთარლის საქმე დარჩეს.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცება საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევაა.  ასევე მან თქვა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გაუჩინარების საქმით შეილახა საქართველოს იმიჯი, ხოლო პოლიტიკოსები ახლა კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში არიან.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და 30 მაისს ბაქოში აღმოჩნდა დაპატიმრებული. მან ადვოკატს უთხრა, რომ თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის ფორმებში გამოწყობილმა ადამიანებმა და თავზე ტომარაჩამოცმული გადაიყვანეს საზღვარზე. საქართველოს შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიებია მუხთარლის გატაცების საქმე და არ გაუსაჯაროებია ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც უნდა ასახავდეს მუხთარლის გადაადგილებას 29 მაისს, როცა ის გაუჩინარდა.

30 მაისს დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში, ანუ 1 ივნისს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუხთარლის “გაუჩინარების” საქმეში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა გამორიცხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი