ახალი ამბები

კოპერფილდს ვკითხოთ, როგორ ქრება ადამიანი A პუნქტში და ჩნდება B-ში? – პრეზიდენტი

2 ივნისი, 2017 • 2786
კოპერფილდს ვკითხოთ, როგორ ქრება ადამიანი A პუნქტში და ჩნდება B-ში? – პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გაუჩინარების საქმით შეილახა საქართველოს იმიჯი, ხოლო პოლიტიკოსები ახლა კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში არიან.

პრეზიდენტისთვის მიუღებელია განცხადებები, რომ თურმე მშვიდად უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, რადგან გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანი გაქრეს A პუნქტიდან და გაჩნდეს B პუნქტში.

“სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაქრა ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდა… და მთელი საზოგადოება, ბავშვს რომ ფოკუს აჩვენებენ, ასე ვზივართ და უნდა მოვიფოქროთ, რომ როგორ ხდება, როცა ადამიანი A პუნქტში ქრება და B პუნქტში ჩნდება? ბავშვს რომ ფოკუსს გაუკეთებენ… კოპერფილდს უნდა ვკითხოთ, თუ ვადაჭკორიას? არ ვიცი, როგორ შეიძლება A პუნქტში ადამიანის გაქრობა და B პუნქტში გაჩენა… და ამასთან დაკავშირებით თურმე მშვიდად უნდა დაველოდოთ ამ პროცესებს, როგორ განვითარდება. საქართველოს იმიჯი ილახება!” – ამბობს მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, დღეს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტმის ქვეშ არის.  პრეზიდენტი ამბობს, რომ ის და სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსებიც კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში არიან იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს უკავშირდება:

“ჩვენ ახლა კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ, რომ საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი გამოსწორდეს; ის ბრალდებები, რომელიც გაისმა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, იქნას ადეკვატურად პასუხგაცემული, როგორც ქვეყნის შიგნით (რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს მოქალაქეებთან პასუხის გაცემაა), ასევე ქვეყნის გარეთ.”

ჟურნალისტების აქცია აფგან მუხთარლის გათავისუფლების მოთხოვნით. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

ჟურნალისტების აქცია აფგან მუხთარლის გათავისუფლების მოთხოვნით. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ აქციებზე აფგან მუხთარლის ცოლს, ლეილა მუსტაფაევას თან ჰქონდა თავისი ქმრის პასპორტი. იგი სვამდა კითხვას, რატომ ეცდებოდა მისი მუხთარლი სხვა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას ისე, რომ თან არ ექნებოდა საკუთარი პასპორტი.

საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები უკვე რამდენიმე დღეა მოითხოვენ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრას კითხვებზე პასუხების მისაღებად, თუმცა მათ ამ დრომდე ხელისუფლების არცერთი მაღალჩინოსანი შეხვედრია. გომელაურისა და მღებრიშვილის პარლამენტში მისვლასა და კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვენ ევროპული საქართველოს წევრებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი