ახალი ამბები

მთავარი პროკურორის თქმით, ირაკლი მამალაძემ ქვეყანა მათთან შეთანხმებით დატოვა

27 ივნისი, 2017 • 2604
მთავარი პროკურორის თქმით, ირაკლი მამალაძემ ქვეყანა მათთან შეთანხმებით დატოვა

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მათთვის ცნობილია, რომ “ციანიდის საქმის” მოწმემ, ირაკლი მამალაძემ საქართველო დატოვა.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ეს განცხადება პროკურორთა რეგიონული კონფერენციის დაწყებამდე გააკეთა.

“შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი მამალაძე არის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე, შესაბამისად, ეს არის მისი უფლება, დატოვოს საქართველოს საზღვარი. ჩვენი ინფორმაციით, ის დღესდღეობით საქართველოში არ იმყოფება,”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, მამალაძის მიერ ქვეყნის დატოვება მათთან შეთანხმებული იყო.

“ჩვენთვის არ არის ცნობილი იმის შესახებ, რომ იგი ითხოვს სხვა ქვეყანაში თავშესაფარს.  ჩვენი ინფორმაციით, მან გარკვეული პერიოდი დატოვა საქართველო,” – განაცხადა შოთაძემ.

ე.წ. “ციანიდის საქმის” მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძეა, რომელმაც საქართველო გუშინ, 26 ივნისს დატოვა და, სავარაუდოდ, იმყოფება უკრაინაში. ამ ფაქტს წინ უძღოდა შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად მსჯვარდებულ ირაკლი ფირცხალავას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომელიც რუსთავი 2-მა გაასაჯაროვა და რომლითაც ირაკლი მამალაძე მხილებულია სუს-ის ე.წ. აგენტობაში მრავალი წლის მანძილზე.

ე.წ. ციანიდის საქმეზე 10 თებერვლიდან დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე, მას ბრალად ედება პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ციანიდის ფხვნილით მკვლელობის მომზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი