“გამორთეთ სინათლე ერთი საათით დედამიწისთვის”, – ამ სლოგანით აღინიშნება ხვალ საქართველოში “დედამიწის საათი 2013”.
ხათუნა გოგალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ღონისძიების მეტი ეფექტურობისთვის ამ დროს საკუთარ სახლებში გამორთონ ელექტრომოწყობილობები და ამით მცირე წვლილი შეიტანონ დედამიწის გადარჩენაში.
გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის, ინიტა პაულოვიჩას თქმით, ამ პერიოდში ჩაბნელებული მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს თითქმის ყველა წამყვანი მედიასაშულება აჩვენებს, ამიტომ აუცილებელია ერთი საათის განმავლობაში საქართველოს უდიდესი ქალაქების უმეტესი ნაწილი ჩაბნელებული იყოს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს როლი ამ აქციაში სიმბოლურად არ შემოიფარგლოს.
წელს ამ ღონისძიებაში, თბილისის გარდა, საქართველოს კიდევ ოთხი ქალაქი, მათ შორის ბათუმი მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორის – CENN-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ანა ნემსიწვერიძემ აღნიშნა, რომ შარშან ამ აქციით მსოფლიოში 115 მეგავატი ელექტროენერგია დაიზოგა.
დედამიწის საათი მსოფლიოში 1970 წლიდან აღინიშნება, რაც გულისხმობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძირითად შენობებში ელექტროენერგიის გათიშვას. საქათველოში ეს დღე წელს მეხუთეჯერ აღინიშნება.

