არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აკრიტიკებენ, რომლის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ცესკოში 4 წარმომადგენელი ეყოლება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “სამართლიანი არჩევნები” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ცვლილებათა პაკეტში არსებულ ხარვეზებზე საურობენ.
ორგანიზაციების განცხადებით, დადებით შეფასებას იმსახურებს ის რეგულაციები, რომლითაც მარტივდება საარჩევნო სუბიექტიების, სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციების საარჩევნო ადმინისტრაციებში რეგისტრაცია. აგრეთვე პოზიტიურად აფასებენ იმ რეგულაციებს, რომლებიც ემსახურება საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესის გაუმჯობესებას
თუმცა, აღნიშნული ცვლილებების პარალალურად, ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალ წესს, აგრეთვე რეგულაციებს, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს ადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით (ცვლილებები მედიის მიერ საარჩევნო კომისიების სხდომების გაშუქების, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით.)
საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, 2016 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ცესკოში ერთის ნაცვლად 4 წევრი ეყოლება. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებით მოხდება ცესკოს კიდევ უფრო მეტად პოლიტიზება, ვინაიდან მათი აზრით, ახალი წესი გამოიწვევს სხვა პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის დომინირებულ მდგომარეობას საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე.
“ეს ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. კანონპროექტი პრობლემურია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ სანდოობის შენარჩუნების კუთხით, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ვინაიდან ის ცალსახად ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის პოზიციების განმტკიცებას.”
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, უნდა განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ძირეული რეფორმა და საარჩევნო ადმინისტრაციის ზემდგომი ორგანოები (ცესკო, ოლქი) მხოლოდ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდეს აპოლიტიკური და დამოუკიდებელი წევრებით.
საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევას ცესკოს წევრების ორი მესამედის ან პარლამენტის მიერ. ორგანიზაციების აზრით, ორი მესამედით არჩევის შემთხვევაში არჩევის პროცესზე გაიზრდება მმართველი პარტიის გავლენა, რაც შეამცირებს შედეგების ლეგიტიმურობას. მათივე თქმით, ეს უარყოფითად აისახება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციაზე და მის მიმართ საზოგადოების სანდოობაზე.
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა
კანონპროექტით, შესაძლებელი ხდება საჯარო ინფორმაცია ნაცვლად 2 დღისა გაიცეს ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ 10-დღიან ვადაში:
“შესაძლებელია, პრობლემა შეექმნას საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების საქმიანობას. ერთი მხრივ, დაინტერესებული პირებისთვის, მათ შორის მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ჩნდება არჩევნებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მიღების რისკი, ხოლო, მეორე მხრივ, იქმნება საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების უგულებელყოფის რისკები.”
კომისიის სხდომებზე დასწრებისა და გადაღების უფლება
კანონპროექტით, არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრებისა და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტაციის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის გამართვის წესებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაციებისთვის სრულიად გაურკვეველია, რა დამატებითი შეზღუდვები შესაძლებელია დაწესდეს ცესკოს დადგენილებით კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომაზე დასწრების კუთხით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ეხება.
გადასატანი საარჩევნო ყუთის საკითხი
ცვლილებებით, კომისიის წევრთაგან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). მოქმედი კანონით, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრი არ შეიძლება იყოს ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრი. შემოთავაზებული ცვლილებით, აღარ ხდება აღნიშნული წესის გათვალისწინება. რაც იმას ნიშნავს, რომ წილისყრაში მონაწილეობას მიიღებს როგორც პროფესიული ნიშნით დანიშნული, ასევე, პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები:
“ შეიძლება შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის ორივე წევრი ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრი იყოს.”
სანქცია კომისიის წევრის ფუნქციებში ჩარევისათვის
ცვლილებებით, დასჯადი ხდება საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა. შესაბამისად, ამ ქმედებისათვის განისაზღვრა სანქცია 500 ლარის ოდენობით. დღეს მოქმედი რედაქციით, არ არსებობს ჯარიმა საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისთვის. ერთადერთი სანქცია, რასაც კომისია მიმართავს ამ ფაქტის არსებობის შემთხვევაში, ეს არის უბნიდან გაძევება.
ორგანიზაციების განცხადების თანახმად, პრაქტიკაში ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საარჩევნო კომისიას მისთვის ხელის შეშლისა და მის საქმიანობაში ჩარევის არგუმენტით უბნიდან გაუძევებია ისეთი დამკვირვებელი, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებდა, აფიქსირებდა კრიტიკას და წერდა საჩივარს საარჩევნო ადმინისტრაციისა თუ მისი ცალკეული წევრების უკანონო ქმედებების გამო.
“მიგვაჩნია, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ აღნიშნული ჩანაწერი ბოროტად იქნეს გამოყენებული იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც დაწერენ საჩივარს ან დააფიქსირებენ განსხვავებულ პოზიციას საარჩევნო კომისიის ქმედებებთან
დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, ჯერ განისაზღვროს ყველა იმ შესაძლო ქმედების ჩამონათვალი, რომელიც საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევას გულისხმობს.”
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების სრულ ტექსტს შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გაეცნოთ.