24 ივნისიდან საქართველოს საპატრიარქოს იუთუბ გვერდზე პატრიარქისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიო ჩანაწერი აღარ არის განთავსებული.
ნეტგაზეთმა მიმართა საპატრიარქოს, სადაც ჩანაწერის წაშლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. მოგვიანებით მათ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიდეო გაურკევეველი მიზეზების გამო დაიბლოკა.
“ჩვენს მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრას, გაურკვეველი მიზეზების გამო მოულოდნელად დაიბლოკა და უკვე დილიდან იგი საიტზე აღარ არის. ვარკვევთ ამის მიზეზებს, მანამდე კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იგივე ჩანაწერი იხილონ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გვერდზე.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
იუთუბის გვერდზე ვიდეო დაბლოკილია და აღნიშნულია, რომ ის საავტორო უფლებების დარღვევის გამო, TiVi Media-ს მოთხოვნით დაბლოკეს. ნეტგაზეთი დაუკავშირდა TiVi Media-ს, თუმცა მათგან საპასუხო მეილი ჯერ არ მიგვიღია. მათ გვერდზე აღნიშნულია, რომ მათი კომპანია ციფრული, მულტიმედია კონტენტის დისტრიბუტორია და მათი ოფისი ბაქოში, აზრბაიჯანშია განთავსებული.
საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და ილია მეორის შეხვედრის აუდიოჩანაწერი 23 ივნისს გაასაჯაროა.