“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციით რწმენის თავისუფლების დაცვის სტანდარტი მცირდება. შესაბამისი გადაწყვეტილება დეპუტატებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, სადაც კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ.
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებობენ რელიგიური ორგანიზაციები, რომლებსაც სხვადასხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე საკუთარი სახელმწიფოს შექმნა სურთ. აქედან გამომდინარე, სესიაშვილმა გამოთქვა სურვილი, ასეთი რელიგიების საქართველოში შექმნის კონსტიტუციით აკრძალვა ყოფილიყო შესაძლებელი.
“მსოფლიოში არსებული საფრთხეებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, არსებობენ რელიგიური ორგანიზაციები, რომლებსაც, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვა სახელმწიფოს შექმნის სურვილი აქვთ. საუბარია “ისლამურ სახელმწიფოზე” და მსგავს ტერორისტულ ორგანიზაციებზე, თუმცა მათთან დაკავშირებულ რელიგიური ჯგუფები… შესაძლებელია თუ არა ავსახოთ კონსტიტუციაში, რომ ისეთი რელიგიური ორგანიზაციების შექმნა, რომლებიც სახელმწიფო პრინციპებს ეწინააღმდეგებიან, დაუშვებელია?” – აღნიშნა სესიაშვილმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს ძალიან მაღალი სტანდარტითაა დაცული რწმენის თავისუფლება და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ შეზღუდვის საფუძვლები დაზუსტებულიყო.
“ვენეციის კომისიასაც მიაჩნია, რომ ზედმეტად მაღალია სტანდარტი და კონვენციის შესაბამისად უფრო მეტად უნდა დაზუსტდეს რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები,” – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის შეთავაზებით და დეპუტატების თანხმობით, რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებების შესახებ მუხლი შემდეგნაირად იქნება ჩამოყალიბებული:
1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის შესახებ.
3. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
პროექტის თავდაპირველი ვერსიით კი, ამ მუხლის მესამე პუნქტი შემდეგნაირად იყო ფორმულირებული:
” დაუშვებელია რწმენისა და სინდისის თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ”
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მუხლში სიტყვა აღმსარებლობა აქამდე არ იყო მოხსენიებული და ის ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივით დაამატეს. ამ სიტყვის არარსებობის პრობლემაზე რამდენიმე დღის წინ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი საუბრობდა.
_________________________________________________________
ისლამური სახელმწიფო ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია ერაყსა და სირიაში და არა რელიგიური ორგანიზაცია. წაიკითხეთ ინტერვიუ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორთან, გიორგი სანიკიძესთან, თუ როგორ შეიქმნა ისლამური სახელმწიფო.